წულუკიანის კომისიაზე მამუკა ხაზარაძე ხელმეორედ დაიბარეს - პოლიტიკოსი მისვლას არც ამჯერად აპირებს

17.06.25 14:17
წულუკიანის კომისიაზე მამუკა ხაზარაძე ხელმეორედ დაიბარეს - პოლიტიკოსი მისვლას არც ამჯერად აპირებს

წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე "ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდრი,  მამუკა ხაზარაძე ხელმეორედ დაიბარეს. 

ინფორმაციას და თეა წულუკიანის ხელმოწერილ დოკუმენტს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ კომისიაზე მისვლას არც ამჯერად აპირებს. 

დოკუმენტის თანახმად, მამუკა ხაზარაძე კომისიაზე 30 ივნისს უნდა გამოცხადდეს. 

„გაცნობებთ, რომ კომისიის მიერ მოთხოვნილია თქვენ მიერ ახსნა-განმარტების მიცემა 2012-2025 წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებების შეასხებ“, - წერია წერილში.

"ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერის თქმით,  "ქართულ ოცნებას" მისი დაპატიმრება უნდა. 

კიდევ დამიბარეს არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ კომისიაში, ისევ სიგნალით, ისევ კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით. 
მგონი მკაფიოდ გითხარით, რომ არ გაღიარებთ. 
მოსვლას არ ვაპირებ! 
ვიცი, რომ ჩემი დაჭერა გინდათ.  ნუ წვალობთ, მაინც ვერ შემაშინებთ! ბრძოლა რუსულ რეჟიმთან იქნება ბოლომდე!"- დაწერა მამუკა ხაზარაძემ. 

შეგახსენებთ, რომ  მამუკა ხაზარაძე თეა წულუკიანმა ახსნა-განმარტების მიცემისთვის რამდენიმე თვის წინაც დაიბარა, სადაც ის არ გამოცხადდა.

აღნიშნულის შემდეგ "ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერს ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

მამუკა ხაზარაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

მსგავსი სიახლეები