რა უთხრეს მაკა ბოჭორიშვილს შეხვედრაზე?
რა უთხრა მაკა ბოჭორიშვილს შეხვედრაზე ტრამპის ადმინიტრაციის წარმომადგენელმა - "ტვ პირველის" ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა ბოჭორიშვილს ოფიციალური ვაშინგონტის გზავნილები გადასცა, უთხრა, რომ თუ "ოცნებას" ურთიერთობის დალაგებაზე საუბრის დაწყება უნდა, მაშინ ეს პროცესი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებით და რეპრესიული კანონების გაუქმებით უნდა დაიწყოს.
თუმცა, "პირველების" ინფრომაციით, "ოცნებას" სულ სხვა პირობა აქვს და ისინი პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების მოხსნას ითხოვენ, ამის შემდეგ კი უკვე გარკვეული შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას. ეს უკანასკნელი ყოფილი დიპლომატებისთვის არადამაჯერებელია, რადგან მათი განცხადებით, "ოცნებამ" უკვე არაერთხელ "გადააგდო" საერთაშორისო დიპლომატები.
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში ამ პირობებზე არაფერს წერს. სამინისტროს ინფორმაციით, უაით ტოლკესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობებს, თანამშრომლობის პერსპექტივებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებს.
ბუნებრივია, რომ ეს დიალოგი ჯერჯერობით ვერ შედგა, იმიტომ რომ ორივე მხარის ინტერესები ურთიერთგამომრიცხავია. ივანიშვილს არ აინტერესებს ევროინტეგრაცია, ივანიშვილს აინტერესებს საქართველოს რუსულ ორბიტაზე შენარჩუნება და ჩინური ინტერესების გაძლიერება, ამერიკის ახალ ადმინისტრაციას კი აინტერესებს ჩინეთის ინტერესების მინიმიზება, ამიტომ, ამ ეტაპისთვის არ იკვეთება, რომ რაიმე რესურსი არსებობს. ეს ნიშნავს, რომ აშშ კიდევ გააგრძელებს ძალისხმევას, მაგრამ აქედან რამდენად მზაობა არსებობს, ეს ამ ეტაპზე არ ჩანს", - ამბობს ყოფილი დიპლომატი, ნინო კალანდაძე.
ყველას კარგად ესმის, ვის უნდა ხვდებოდეს საგარეო საქმეთა მინისტრი და რა დონესთან უნდა იყოს წარმოდგენილი, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ მათ სხვა გზა არ აქვთ, სხვასთან მისასვლელი აღარ აქვთ, ისინი თანხმდებიან, რომ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი შეახვედრონ მისთის სრულიად შეუსაბამო, დაბალი დონის დიპლომატს, სახელწმიფო მხოელეს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფება "ქართული ოცნება". დარწმუნებული ვარ, აქ არის უამრავი წინაპირობა, რომელიც დასაკმაყოფილებელი ექნება "ქართულ ოცნებას", რომ მომავალში ამერიკამ მომავალ ხელისუფლებასთან განაახლოს რაღაცა სახის ურთიერთობები - მათ შორის, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნების ჩანიშვნა", - აცხადებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი, გიგი გიგიაძე.
პირველი ნაბიჯების გადადგმა რა თქმა უნდა მოუწევს "ქართულ ოცნებას". თუ ვინმეს აქვს მოლოდინი, რომ ჯერ აშშ-მ შეიძლება რამე გააკეთოს და შემდეგ "ოცნებამ", ეს მოლოდინი არაფერს არ ეფუძნება, მეამიტურია", - ამბობს გიორგი მელაშვილი.
საგარეოს განცხადების შემდეგ, შეხვედრის შესახებ განმარტება გააკეთა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც.
განცხადების თანახმად, შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას "ქართული ოცნების" მთავრობამ, რათა დაამტკიცოს, რომ იგი ურთიერთობის გაუმჯობესებას სერიოზულად უყურებს.