ჩვენება გახარიას წინააღმდეგ - რა თქვა ჩორჩანას მკვიდრმა გამოკითხვის შემდეგ

17.06.25 15:24
ჩვენება გახარიას წინააღმდეგ - რა თქვა ჩორჩანას მკვიდრმა გამოკითხვის შემდეგ

 

 

ჩვენება გახარიას წინააღმდეგ - ჩორჩანას მკვიდრი არჩილ ლომიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხეს, ამბობს, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმამდე მოსახლეობა მარტივად გადაადგილდებოდა, თუმცა შემდეგ ტყის ნაწილი ოკუპანტებმა მიითვისეს და საზღვრის დასაფიქსირებლად იქ დროშები ჩაარჭეს.

მისივე მტკიცებით, საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ დაახლოებით 120 ჰექტარი ტყე დაკარგა.

ეს საგუშაგო რომ ჩაიდგა, ჩადგმამდე ჩვენ ვსარგებლობდით ჩვენი ტყით, ჩავდიოდით მდინარემდე და ჩვენ ხმას არავინ გვცემდა. საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ ამოვიდნენ ეს რუსები დავარქვათ თუ რაც არიან, და სადღაც კილომეტრნახევრის ზემოთ ამოირჩიეს და დაარჭეს თავისი დროშები და ახლა პოსტიც აქვთ ჩადგმული და სადღაც 120 ჰექტარი ტყე მაინც დავკარგეთ ჩვენი სოფლის საკოლმეურნეო ტყე. სადღაც კილომეტრნახევარი ამოვიდნენ. უშუალოდ ჩვენი სოფლიდან მაგათ არავინ გადაუვანიათ არასდროს, - ამბობს მედიის კითხვების საპასუხოდ არჩილ ლომიძე. 

კითხვაზე, ნიშნავდნენ თუ არა ჩორჩანას ტყეში ოკუპანტები საგუშაგოს ჩადგმამდე ხეებს, რათა იქ საზღვარი გაევლოთ, ლომიძე ვერ პასუხობს.  

მისივე თქმით, 2019 წლის აგვისტოს შემდეგ ადგილზე მოცემულობა არ შეცვლილა.

უცვლელია და არა მარტო ჩვენ იქ ვერ ვუახლოვდებით. ეს ხომ კილომეტრ-ნახევარი ამოვიდნენ ოფიციალურად და სადღაც ერთ კილომეტრში უკვე ჩვენ, კიდევ ზემოთ, ჩვენ ტერიტორიაზე ვეღარ ვუახლოვდებით, როგორ მივუახლოვდებით, საშიშია“, - დასძინა მან.

ჩორჩანის საგუშაგოს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ამ თემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გიორგი გახარიას შეკითხვები ე.წ. წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე დაუსვეს. 

"ქართული ოცნების" პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრთა თქმით, გიორგი გახარიამ მათი ხელისუფლების პირობებში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, პოლიციის საგუშაგო თვითნებურად ააშენა და ახალი ომი საფრთხე შექმნა.

 „ყველამ ყველაფერი იცოდა, დასწრება“ იყო საჭირო, რადგან სასწორზე 1800 ჰექტარი ტყის მასივის დაკარგვა იდო," - თქვა "ქართული ოცნების" საპასუხოდ გიორგი გახარიამ, აპრილში. 

პროკურატურის თანახმად, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს შემდეგ ფაქტებზე:

  • დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობა
  • უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება
  • საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზება.

მსგავსი სიახლეები