IPI: მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეწყვიტოს მედიაზე თავდასხმა, გააუქმოს რეპრესიული კანონები

17.06.25 15:50
IPI: მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეწყვიტოს მედიაზე თავდასხმა, გააუქმოს რეპრესიული კანონები

„მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს მედიაზე თავდასხმა, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი“, - საგანგებო განცხადებას ამ მოთხოვნებით „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ და 23 საერთაშორისო ორგანიზაცია ავრცელებს.

განცხადებაში პირდაპირ წერია რომ საქართველოში დამოუკიდებელი მედიის გამოებრება საგანგაშოა.

IPI წერს, რომ ჟურნალისტები სულ უფრო ხშირად ექვემდებარებიან დაკავებებს, ფიზიკურ თავდასხმებს, თვითნებურ ჯარიმებს, ცენზურას, ასევე ფინანსურ და ინსტიტუციურ რეპრესიებს.

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ უერთდება მედიის თავისუფლების საერთაშორისო, ჟურნალისტთა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს, კვლავ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, განსაკუთრებით ევროკავშირს, მოახდინოს ეფექტური ზეწოლა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაზე“, რათა მათ შეწყვიტონ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობა და დაიცვან დემოკრატიული პრინციპები და მედიის თავისუფლება.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ჩვენს სრულ სოლიდარობას ქართველი ჟურნალისტებისადმი, რომლებიც, მიუხედავად მზარდი ზეწოლისა, უარს ამბობენ გაჩუმებაზე“, - აღნიშნავს „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“.

IPI- წერს, რომ მედია და სამოქალაქო ორგანიზაციები ახლა სისხლისსამართლებრივი დევნის რისკის ქვეშ არიან, თუ სახელმწიფო იეჭვებს, რომ ისინი მოქმედებდნენ „უცხოური პრინციპალების“ სახელით და შეგნებულად არ რეგისტრირდებიან „აგენტებად“.

ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში ახალი ცვლილებების გამოყენებით, ხელისუფლებამ უკვე შეიტანა საჩივარი ტელეკომპანია TV პირველისა და „ფორმულას“  წინააღმდეგ.

„ეს საჩივრები ეწინააღმდეგება მაუწყებლების მიერ ისეთი ტერმინების გამოყენებას, როგორიცაა „არალეგიტიმური პარლამენტი“, „არალეგიტიმური მთავრობა“, „ოლიგარქიული რეჟიმი“ ან „რეჟიმის პატიმრები“.

ტელეკომპანია „ფორმულასა“ და TV პირველს ახლა ემუქრებათ შესაძლო სანქციები, დაწყებული საჯარო ან წერილობითი გაფრთხილებიდან და შინაარსის კორექტირებიდან, ჯარიმების დაწესებამდე ან საბოლოოდ ლიცენზიების მოხსნამდე. ეს წარმოადგენს პარტია „ქართული ოცნების“ მკაფიო მცდელობას, დააწესოს მკაცრი ცენზურა და გააჩუმოს დამოუკიდებელი მედია“ - აღნიშნავს IPI.

IPI ხაზს უსვამს, რომ მდგრადი საერთაშორისო ზეწოლის გარეშე, როგორც „ქართული ოცნების“ წევრებზე, ისე მედიაზე თავდამსხმელი ინსტიტუტების ხელმძღვანელებზე, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა საქართველოში ვერ გადარჩება.

„მედიის თავისუფლების, დემოკრატიული თავისუფლებებისა და ჟურნალისტების უფლებების დემონტაჟი საქართველოში, მზარდი ავტორიტარიზმისა და საქართველოს გეოპოლიტიკური მიმართულების ცვლის ფონზე, უფრო ფართო გავლენას ახდენს რეგიონში დემოკრატიაზე.

ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მოახდინოს ეფექტური ზეწოლა საქართველოზე და მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას ქვეყანაში. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ შეწყვიტოს მედიაზე თავდასხმა, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი“, -  წერია განცხადებაში.

ასევე, ორგანიზაცია ახსენებს იმ დაჯარიმებულ ჟურნალისტებს, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ.

განცხადებაში საუბარია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელსაც.

მათივე შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი დიდი ხანია ემსახურება „ქართულ ოცნებას“ როგორც მთავრობის ინტსტრუმენტი და ხელს უშლის იმ ჟურნალისტებს, რომლებიც პოლიტიკური კონტროლისგან თავისუფლად მუშაობას ცდილობენ.

მსგავსი სიახლეები