ზურა ჯაფარიძის ახალი წერილი: ჯვებეების მმართველობა (თუ ჯვებეებით მმართველობა) უნდა დასრულდეს!

17.06.25 16:31
ზურა ჯაფარიძის ახალი წერილი: ჯვებეების მმართველობა (თუ ჯვებეებით მმართველობა) უნდა დასრულდეს!

ამიტომ ეს სასამართლო ჩემზე არაა,  ეს სასამართლო ე.წ მოსამართლე ჯვებეზეა. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ამას ვერც ხვდება. ამ პროცესებზე ხალხი იმის სანახავად დადის, რომ ლაივში ნახოს - რას იზამს ჯვებე - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ზურა გირჩი ჯაფარიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს. 

  • ჯაფარიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლე, ჯვებე ნაჭყებიამ 23 ივნისამდე გადადო. მოსამართლის თქმით, ჯაფარიძეს კიდევ ერთხელ მისცემს შანსს, ისარგებლოს საბოლოო სიტყვით.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ის არც 23 ივნისს მივა პროცესზე: 

"სასამართლო პროცესები იმიტომ არის საჭირო და მას იმიტომ ესწრებიან, რომ გაარკვიონ, ვიღაცამ ჩაიდინა დანაშული თუ არა. 

მე არ მგონია, რომ ჩემთან მიმართებაში რამე იყოს გასარკვევი. იმ დარბაზში თუ დერეფანში არავინაა ისეთი, ვისაც რაიმე კითხვის ნიშანი გააჩნია ჩემთან მიმართებაში. სამყაროში არ არსებობს ადამიანი, რომელიც გამოვა და იტყვის, რომ მე მას ზიანი მივაყენე. 

ამიტომ ეს სასამართლო ჩემზე არაა. ეს სასამართლო ე.წ მოსამართლე ჯვებეზეა. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ამას ვერც ხვდება. ამ პროცესებზე ხალხი იმის სანახავად დადის, რომ ლაივში ნახოს - რას იზამს ჯვებე. 

ჯვებემ კი სულ რაღაც 4-5 დღის წინ ჩემგან 3 საკნით დაშორებით ციხეში ჩასვა სრულიად უდანაშაულო ადამიანი. სადმე გარბოდა ნიკა გვარამია? თუ დანაშაული ჩაიდინა განმეორებით? 

იგივე ჯვებემ, პოლიტიკური მოტივით დაჭერილ ანტონ ჩეჩინს, რომელსაც თავში გაურკვეველი სიმსივნური წარმონაქმნი აქვს და რომელსაც ტანზე დადასტურებულად ეტყობა ფიზიკური ზემოქმედების კვალი, არ შეუცვალა აღკვეთი ღონისძიება და ჩატოვა ციხეში. 

ამიტომ არ მოვედი დღეს პროცესზე, ამიტომ არ მივალ არც 23-ში. 

ვიღაც შიმპანზის მორალის მქონე ხალხმა, რომელთაც რუსეთის დღევანდელმა მეფისნაცვალმა ხელში ჩაუგდო პატარა ძალაუფლება, გადაწყვიტა, რომ თუ ციხით დამემუქრებოდნენ, კლოუნის წითელ ცხვირს დავიმაგრებდი და ვეახლებოდი. 

ჩემი პასუხი გასაგებია. 

23-ში საინტერესო იქნება ჯვებეს პასუხი. 

მიუხედავად მისი ქმედებებისა, მისივე პროფესიიდან გამომდინარე, მას ყოველ ჯერზე აქვს შანსი - ისევ იქცეს ადამიანად. ამიტომ, 23-ში რაც გაირკვევა, ესაა - მზადაა თუ არა ჯვებე დათმოს დღევანდელი პატივი, წესდება, კეთილდღეობა და უარი თქვას კლოუნის წითელი ცხვირის ტარებაზე. 
ოღონდ ეს ვერ იქნება ციხის ნაცვლად ჯარიმა ან სხვა რამე.

მხოლოდ სრულად გამამართლებელი განაჩენი იქნება იმის ინდიკატორი, რომ ჯვებე ცირკში აღარ მუშაობს.

P.S საუბედუროდ, კაცობრიობის ისტორია სავსეა ჯვებეებით. ჯვებეების მმართველობა (თუ ჯვებეებით მმართველობა) უნდა დასრულდეს! 
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
17.06.2025"- წერს ჯაგარიძე. 

მსგავსი სიახლეები