ბადრი ჯაფარიძემ დიდ ბრიტანეთში შეხვედრები გამართა
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ დიდ ბრიტანეთში შეხვედრები გამართა.
ოპოზიციონერმა ლიდერმა ალექს სობელსა და პრიტი პატელს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ჯაფარიძის თქმით, ასევე, “შეხვედრებზე საუბარი იყო „ქართული ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლებზე წნეხის გაზრდის აუცილებლობაზე.“
დღეს დიდ ბრიტანეთში მმართველი ლეიბორისტული პარტიის წევრს, უკრაინის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეს, ალექს სობელსა და კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს და ჩრდილოვანი კაბინეტის საგარეო საქმეთა მინისტრს, პრიტი პატელს შევხვდი.
რა თქმა უნდა, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და ქართველი ხალხის მხარდაჭერა იყო. შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ კრიზისის განმუხტვისთვის აუცილებელია შესრულდეს ქართული საზოგადოების დაკვეთა - ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
ბრიტანეთში არსებობს მაღალი ორპარტიული კონსენსუსი. ჩვენი ბრიტანელი კოლეგები არიან მოწადინებულები ქართველი ხალხის დემოკრატიულ ბრძოლას აღმოუჩინონ სრული თანადგომა და მხარდაჭერა.
შეხვედრებისას განვიხილეთ „ქართული ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლებზე წნეხის გაზრდის აუცილებლობა. მინდა გითხრათ, რომ ბრიტანული პოლიტიკური კლასი გამოხატავს სრულ მზადყოფნას, მიიღონ ყველა ის საჭირო ზომა, მათ შორის დამატებითი შეზღუდვები იმ პირების მიმართ, რომლებიც მხილებულნი არიან ქართველი ხალხის მიმართ ძალადობაში. ჩვენი პარტნიორები გამოთქვამენ სურვილს, ეწვიონ საქართველოს და ქართველი ხალხის დემოკრატიულ ბრძოლას გულმხურვალე მხარდაჭერა გამოუცხადონ,- წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.