პროტესტი უნდა შეერწყას პოლიტიკურ პროცესს და იქცეს იმ ტალღად, რომელიც სერიოზულად დაარტყამს ივანიშვილს-სამადაშვილი

17.06.25 22:57
პროტესტი უნდა შეერწყას პოლიტიკურ პროცესს და იქცეს იმ ტალღად, რომელიც სერიოზულად დაარტყამს ივანიშვილს-სამადაშვილი

მე ბოიკოტი ბრძოლაზე უარის განაცხადად მიმაჩნია, ბრძოლას ჩემი აზრით, არ აქვს ალტერნატივა, ვინც არ უნდა დაიჭირონ, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს-ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

სამადაშვილი ამბობს, რომ მას, როგორც პოლტიკოსს, სრცხვენია, რომ “ ხალხს პოლიტიკური პროცესი, ჯერჯერობით, ვერაფერში შეეშველა“

ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ “პროტესტი უნდა გაძლიერდეს და შეერწყას პოლიტიკურ პროცესს და იქცეს იმ ტალღად, რომელიც ძალიან სერიოზულად დაარტყამს ივანიშვილს“.

მე როგორც პოლიტიკოსს მრცხვენია, რომ ამ ხალხს პოლიტიკური პროცესი, ჯერჯერობით, ვერაფერში შეეშველა,  ეს პროტესტი არ არის ულევი, უამრავი საფრთხის წინაშე დგას, ეს პროტესტი უნდა გაძლიერდეს და ჩვენი აზრით, უნდა შეერწყას პოლიტიკურ პროცესს და იქცეს იმ ტალღად, რომელიც ძალიან სერიოზულად დაარტყამს ივანიშვილს.

ის პროტესტი კერა, რომელიც დღეს არის რუსთაველზე, ჩვენ უნდა ვაქციოთ თბილისის გათავისუფლების შტაბად, პარლამენტის წინ შეიქმნას დიდი საზოგადოებრივი გაერთიანების ცენტრი, რომელიც იბრძოლებს თბილისის გათავისუფლებისთვის, რუსული რეჟიმისგან, - განაცხადა სამადაშვილმა. 

მისი თქმით, ის არჩევნებს პროტესტის საწინააღმდეგოდ, ან ალტერნატივად არ განიხილავს.

არჩევნების პროცესი, თუ შედგა, უნდა იყოს გამოყენებული პროტესტის გასაზრდელად. დარწმუნებული ვარ, ახალი სუნთქვა გაეხსნება წინააღდმეგობის მოძრაობას, რომელიც ეს აუცილებლად სჭირდება, ჩემი ღრმა რწმენით, ბოიკოტი არის მხოლოდ ნიჰილიზმის გამწვავების და ხელების ჩამოშვების პოლიტიკა“,- დასძინა მან.

 

მსგავსი სიახლეები