ივანიშვილს ეშინია, ეს დაკავშირებული უნდა იყოს მხოლოდ რუსეთთან - ზურაბიშვილის სიტყვა საფრანგეთის სენატში
როგორია ივანიშვილის როლი საქართველოში მიმდინარე მოვლენებში და იგრძნობა თუ არა, რომ ის კულისებიდან მართავს ქვეყანას? - ამ კითხვით სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთის სენატში მიმართეს.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს სწორედ ბიძინა ივანიშვილი იღებს, თუმცა ფიზიკურდ არ ჩნდება. ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ამის მიზეზი მისი უსაფრთხოებაა, რომელსაც საფრთხე, სავარაუდოდ, რუსეთიდან ემუქრება.
დიახ, მას შემდეგ მან ორჯერ ან სამჯერ ისაუბრა - ყოველ ჯერზე კიდევ უფრო აგრესიულად და მკვეთრად ანტიდასავლური ტონით. გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით, ის კვლავაც ძალიან აქტიურია, თუმცა ფიზიკურად, პრაქტიკულად, სრულიად გაუჩინარებულია. როგორც ჩანს, მისი უსაფრთხოების გამო საკმაოდ შეშფოთებულია.
მას მართლაც რაღაცის ეშინია. ეს დაკავშირებული უნდა იყოს მხოლოდ ჩვენს მეზობელ რუსეთთან - ქვეყანასთან, რომელსაც ჩვევა აქვს, მოიშოროს ადამიანები, როცა მიიჩნევს, რომ ისინი აღარ არიან სასარგებლონი. გარდა ამისა, ის ძალიან შეწუხებულია თავისი ფიზიკური გამძლეობითა და სიცოცხლის ხანგრძლივობით - რაც ხშირია ავტორიტარულ ლიდერებს შორის.
ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ივანიშვილის შიშის მიზეზი შესაძლოა, ის სიმდიდრე იყოს, რომელიც მან 30 წლის განმავლობაში რუსეთში დააგროვა.
მისი თქმით, საკითხი შესაბამისი უწყებების მხრიდან მეტ შესწავლას საჭიროებს.
რეალური ახსნა არ გვაქვს, როგორ მუშაობს ეს პროცესი. რატომ ექვემდებარება ასეთ ზეწოლებს; როცა ის პრემიერ-მინისტრი იყო, იყო ევროპული კურსის მომხრე. უცბად შეიცვალა, დაიწყო ძალიან ანტიდასავლური განცხადებების გაკეთება და გახდა ის, ვინც ავლენს ახალ რუსულ სტრატეგიას საქართველოში. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის 30 წელი, რაც რუსეთში გაატარა საბჭოთა კავშირის დაშლის და შემდგომ წლებში, სადაც დააგროვა თავისი სიმდიდრე. ალბათ აქ არის პასუხი. უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, მე არ მაქვს საჭირო მონაცემები. შესაძლოა, შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ ეს საკითხი უფრო დეტალურად, - თქვა ზურაბიშვილმა.