"ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევას არ გეგმავს

18.06.25 12:05
"ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევას არ გეგმავს

ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე, საერთო ეროვნულ არჩევნებზე ხდება ხოლმე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა. 

"ვფიქრობთ, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით"- თქვა მედიასთან კობახიძემ. 

ზოგადად, არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს. გადახვევები ხდება, მათ შორის, ჩვენც გვქონდა ასეთი გადახვევა, მაგალითად 2021 წელს, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცნაირად  ეს არჩევნები იყო დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნების თემასთან. ასევე, სხვადასხვა ქვეყანაში არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებზეც იწვევენ ეუთო/ოდირს, თუმცა ეს არის მხოლოდ გამონაკლისი, სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე, საერთო ეროვნულ არჩევნებზე ხდება ხოლმე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად ჯანსაღი ფორმით. იცით, რომ ეუთო/ოდირი აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს და დადო სათანადო დასკვნა, თუმცა არავინ დაინტერესდა ამ დასკვნით და დღეს, იგივე ადამიანები, რომლებმაც სრული იგნორირება გაუკეთეს ეუთო/ოდირის დასკვნას, გვთხოვენ ეუთო/ოდირის მოწვევას,“- განაცხადა კობახიძემ. 

"ვინ ეკითხება კონკრეტულ საელჩოს საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას?! - ვინ ეკითხება ბრიტანეთის საელჩოს ჩვენ ადგილობრივ არჩევნებზე ვის მოვიწვევთ და ვის არა?! ეს ნონსენსია! ვერ გავიგე, რატომ აძლევს ბრიტანეთის საელჩო თავს ამ სითავხედის უფლებას!" ეს კომენტარი კი ირაკლი ზარქუას ეკუთვნის. 

ზარქუამ დღეს  ბრიტანეთის საელჩო "რადიკალებს დაფინანსებაში“ დაადანაშაულა, რომელთა მიზანი ზარქუას ლოგიკით "ადგილობრივი არჩევნებისთვის დაძაბულობის კერების შექმნაა, რათა მორიგ რევოლუციის მცდელობას ჰქონდეს ადგილი".

ვის მოვიწვევთ და ვის არა, ეს ჩვენი გადასაწყვეტია და ამასთან დაკავშირებით რამდენიმე თვით ადრე გაიგებთ.

ბრიტანეთის საელჩო და მისი ელჩი მედია-მონიტორინგის ხასიათით რადიკალებს აფინანსებდა. აფინანსებდა „ნაცმოძრაობის“ 5 ნომერს, აფინანსებდა საია-ს, რომელიც დღემდე არალეგიტიმურს გვეძახის და მიტინგზე იდგა: - ეს ხელისუფლება დავამხოთო! აფინანსებს ოპოზიციური ლიდერების ორგანიზაციებს. რა დასკვნა უნდა დადონ ამათ, რომლებიც დღემდე „არალეგიტიმურს“ და სხვა გაუგებარ სიტყვებს გვეძახიან?

მიზანი შემდეგია - ჩვენს სამეზობლოში სახელმწიფო არ დარჩა ცეცხლის ალში რომ არ იყოს გახვეული. ამიტომ გარკვეულ ჯგუფებს მეორე ფრონტის თემის გააქტიურება უნდათ. გარკვეულ ჯგუფებს და დიდ სახელმწიფოებს უნდა, რომ საქართველო საომარი მოქმედებების პოლიგონი გახდეს. ამის გამო აქვთ მცდელობა, რომ ადგილობრივ არჩევნებში უსამშობლოები ჩართონ, აატრიალონ და ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა და შემდეგ საკუთარი აგენტურა დასვან.

ხოშტარია, ხაბეიშვილები - ყველანი ისე არიან მომართული და აფინანსებენ იმისთვის, რომ ქვეყანა ქაოსში შეიყვანონ და ადგილობრივი არჩევნებისთვის ისევ დაძაბულობის კერები შექმნან“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად, ეუთო/ოდირის მისია მოიწვიოს და ასევე, გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია. ამის შესახებ ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

მსგავსი სიახლეები