კობახიძე არ ამბობს, მიწვეულია თუ არა ნატოს სამიტზე
ირაკლი კობახიძე არ პასუხობს "პირველების" კითხვას, მიწვეულია თუ არა ის 24 - 26 ივნისს ჰააგაში ნატოს სამიტზე.
კობახიძე დღეს ამტკიცებდა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები პასიურ რეჟიმში თავად ალიანსმა გადაიყვანა.
"პირველების" კითხვაზე ნატოში ინტეგრაცია არის თუ არა "ოცნებისთვის" პრიორიტეტი, კობახიძემ პასუხისმგებლობა მოიხისნა და კამერების წინ ირწმუნებოდა, რომ "ეს ნატოსთვის არ არის პრიორიტეტი".
„რაც შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, ხედავთ, როგორ ვითარდება მოვლენები ბოლო პერიოდის განმავლობაში. ნატო აცხადებს, რომ ისინი არც ახლო პერსპექტივაში და არც საშუალოვადიან პერსპექტივაში არ მსჯელობენ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებაზე, რაც არის ფაქტი და მოცემულობა. ვნახოთ, მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები.
იმ პირობებში, როცა პასიურ რეჟიმშია გადასული მათი გადაწყვეტილებით ურთიერთობები, ეს არ არის ჩვენი გადაწყვეტილება... ჩვენზე არ არის საუბარი, მათთვის არ არის პრიორიტეტი. მე ვერ ვისაუბრებ იმ თემაზე, რომელიც პასიურ რეჟიმში გადაიყვანა თავად ნატომ", - განაცხადა კობახიძემ.