"ნატოს" წარმომადგენელი ადასტურებს, რომ "ოცნება" სამიტზე არ მიუწვევიათ
საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ "ოცნება" 24-26 ივნისს ჰააგაში, ალიანსის სამიტზე მიწვეული არ არის.
ალექსანდრ ვინნიკოვმა დღეს თქვა, რომ ჰააგაში საქართველოსთან პარტნიორობის ფორმატები დღის წესრიგში არ იქნება.
"ნატოს" წარმომადგენლის განცხადებით, სამიტზე იქნება ფორმატი, რომელშიც მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი და ზოგიერთი სხვა პარტნიორი მიიღებენ.
ნატოს ლიდერები ჰააგაში შეიკრიბებიან ნატოს შემდეგი სამიტისთვის, რომელიც ევროპისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მომენტში იმართება. რა თქმა უნდა, ეს ხდება უკრაინაში მიმდინარე არეულობის, ასევე, რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობისა და ტერორიზმის მუდმივი საფრთხის ფონზე. ასე რომ, ყველა ეს თემა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება სამიტისთვის. პირველი და მთავარი საკითხი იქნება თავდაცვის ხარჯები და მოკავშირეები შეთანხმდებიან თავდაცვის ახალ საინვესტიციო გეგმაზე, რომელიც გულისხმობს თავდაცვის ხარჯების გაზრდას მთელი ალიანსის მასშტაბით.
რაც შეეხება საქართველოს, ჰააგაში საქართველოსთან პარტნიორობის ფორმატები არ იქნება დღის წესრიგში. იქნება ფორმატი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის პრეზიდენტი და ასევე ჩვენი ზოგიერთი სხვა პარტნიორი. ყურადღება გამახვილდება შიდა დისკუსიებზე, რომლებიც საჭიროა თავდაცვის სფეროში ახალი საინვესტიციო გეგმის შესათანხმებლად", - განაცხადა ალექსანდრ ვინნიკოვმა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი 2025 წლის ზაფხულში, 24-26 ივნისს, ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში გაიმართება.
შეგახსენებთ, მიმდინარე წელს იანვარ-თებერვალში საქართველო არ მიიწვიეს არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.