ზურაბიშვილის ევროპული ტურნე, გამოსვლა საფრანგეთის სენატში და მიმართვა დასავლელ ლიდერებს
სალომე ზურაბიშვილი დიდ ბრიტანეთშია და სანქციებზე მომუშავე სახელმწიფო მინისტრს ხვდება. მეხუთე პრეზიდენტი ევროპულ ქვეყნებში ერთი მთავარი გზავნილით ჩავიდა - გაძლიერდეს წნეხი "ქართულ ოცნებაზე" და გაფართოვდეს ფინანსური სანქციები.
სტივ დაუთი ამ პასუხისმგებლობით ივანიშვილის პარტიას დიდი ხანია აფრთხილებს. ჯერ კიდევ დეკემბერში ის მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ წერდა, რომ ბრიტანეთს პოლიციის ძალადობასა და უკანონო დაკავებებზე რეაგირება ექნებოდა. 1 თვის წინ კი თქვა, რომ "ოცნება" დემოკრატიულ კურსზე დაბრუნების სურვილს საერთოდ აღარ აჩვენებს, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ბრიტანეთის რეაქცია ზურაბიშვილის ლონდონში ჩასვლის შემდეგ უფრო დაჩქარდეს.
ლონდონამდე მეხუთე პრეზიდენტი პარიზში ფრანგმა კანონმდებლებმა მიიღეს. საქართველოს შესახებ გამართულ დისკუსიაზე ზურაბიშვილმა ევროპელ პოლიტიკოსებს უთხრა, რომ ახლა ქვეყანაში მმართველობის რუსული ავტორიტარული მოდელი ყალიბდება და მის მოწინააღმდეგეებს ევროპის დახმარება სჭირდებათ.
"ქართული ოცნების" რუსეთთან ანგარიშვალდებულების დასტურად, ფრანგმა დეპუტატმა თბილისში ვიზიტი და ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა გაიხსენა. მისი მონათხრობით, "ოცნების" ლიდერს დახურულ კარს მიღმა მოსთხოვეს დიალოგი ოპოზიციასთან და ახალი არჩევნები ლეგიტიმურობის დასამტკიცებლად. კობახიძემ კი, რომელიც მაშინ ყველა ოპონენტს საჯარო დისკუსიაზე იწვევდა, პარტნიორის შემოთავაზებაზე კატეგორიული უარი თქვა.
კიდევ ვის შეხვდა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, დეტალები ვრცლად რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში ნახეთ.