რა უთხრა პროკურატურას გიორგი ხოჯევანიშვილმა ე.წ. ჩორჩანას საქმეზე - პირველი კომენტარი

18.06.25 20:40
რა უთხრა პროკურატურას გიორგი ხოჯევანიშვილმა ე.წ. ჩორჩანას საქმეზე - პირველი კომენტარი

გიორგი ხოჯევანიშვილმა გენერალური პროკურატურა დატოვა. შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი და გიორგი  გახარიას გუნდის ყოფილი წევრი გამომძიებლების კითხვებს ჩორჩანას საგუშაგოს შესახებ პასუხობდა. 

როგორც დაკითხვიდან გამოსულმა ხოჯევანშვილმა განაცხადა, მან გამოძიებას უამბო, რომ ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.  

 ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, არ უნდა მცოდნოდა და არც მქონდა ინფორმაცია - თქვა ხოჯევანშვილმა. 

საუბარი შეეხო, ძირითადად, ჩორჩანის ირგვლივ საკითხებს. ეს იყო ბორდერიზაციის სიმძაფრე. რა თქმა უნდა, ბორდერიზაცია და ოკუპაციის თანმდევი პროცესები ძალიან მძიმეა იმ რეგიონში, რომელიც იმ პერიოდისთვის ჩემი კომპეტენციის სფეროს მიეკუთვნებოდა. საუბარი ეხება შიდა ქართლის რეგიონს. ეს არის საკითხი, რომელიც იმ დროსაც და დღესაც ჩვენი ქვეყნისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტული და ყველაზე მტკივნეული საკითხია. ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, არ უნდა მცოდნოდა და არც მქონდა ინფორმაცია ძალოვანი უწყებების ოპერატიულ-ტაქტიკურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით", - თქვა ხოჯევანიშვილმა. 

"პირველების" ჟურნალისტის კითხვაზე, იცოდა თუ არა მაშინდელმა პრემიერმა ბახტაძემ საგუშაგოს ჩადგმის შესახებ და ამის შესახებ ჰქონდა თუ არა მას კომუნიკაცია გიორგი გახარიასთან, ხოჯევანიშვილის პასუხი ასეთია: 

ეს იმდენად პირადი კომუნიკაციის საკითხებს ეხება, ჩემთვის უცნობია, რა თქმა უნდა, ვის-ვისთან ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია", - თქვა ხოჯევანიშვილმა. 

შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა დღეს ვერც ის თქვა, გამოიყენებს თუ არა პროკურატურა მის ჩვენებას გიორგი გახარიას წინააღმდეგ. 

ჩემთვის უცნობია (გამოიყენებენ თუ არა მიწოდებულ ინფორმაციას გახარიას წინააღმდეგ)". - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ჩორჩანის საგუშაგოს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ამ თემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გიორგი გახარიას შეკითხვები ე.წ. წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე დაუსვეს. 

"ქართული ოცნების" პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრთა თქმით, გიორგი გახარიამ მათი ხელისუფლების პირობებში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, პოლიციის საგუშაგო თვითნებურად ააშენა და ახალი ომი საფრთხე შექმნა.

 „ყველამ ყველაფერი იცოდა, დასწრება“ იყო საჭირო, რადგან სასწორზე 1800 ჰექტარი ტყის მასივის დაკარგვა იდო," - თქვა "ქართული ოცნების" საპასუხოდ გიორგი გახარიამ, აპრილში. 

14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე.

უწყება ამბობს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, შეისწავლიან 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გიორგი გახარიას მიერ „განხორციელებულ ქმედებას“.

გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა, ვახტან გომელაური, ალეკო ტაბატაძე, კახი კახიშვილი, ალექსანდრე ლომიძე და მაია ცქიტიშვილი.