ანტიკორუფციული ბიურო სადამსჯელო უწყებად იქცა - ზურაბიშვილი

18.06.25 22:17
ანტიკორუფციული ბიურო სადამსჯელო უწყებად იქცა - ზურაბიშვილი

ანტიკორუფციული ბიურო სადამსჯელო უწყებად იქცა, - ასე ეხმაურება საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რაჟდენ კუპრაშვილის უწყების მოთხოვნას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბენეფიციარების პერსონალური ინფორმაცია ანტიკორუფციულ ბიუროს გადასცენ. 

სალომე ზურაბიშვილი მესამე სექტორს სოლიდარობას უცხადებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზეწოლას ახდენს მონაცემთა გასაჯაროებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოსთან და დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუთავსებელია. 

მხარდაჭერას ვუცხადებ პერსონალური ინფორმაციის დაცვის პრინციპს, რომლის დაცვის პასუხისმგებლობა და მისი ერთგულება განურჩევლად ყველას ვალდებულებაა. ამ ვადებულების უგულვებელყოფას კი კანონი ვერ უნდა ითხოვდეს ვერავისგან. 

ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს ამ პრინციპს  და ზეწოლას ახდენს მონაცემთა გასაჯაროებაზე, შეუთავსებელია სამართლებრივ სახელმწიფოსთან და დემოკრატიულ სტანდარტებთან.

არც ერთი კანონი არ უნდა გამოიყენებოდეს კრიტიკული ხმების ან დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ.

სოლიდარობას ვუცხადებ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც წინ აღუდგნენ ამ ზეწოლას.

იმის ნაცვლად რომ ქვეყანაში კორუფციის არაერთ გახმაურებულ საქმეზე დაიწყოს გამოძიება, კუპრაშვილის უწყება სადამსჯელო უწყებად იქცა." - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

17 ივნისს ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე, 5 უფლებადამცველ ორგანიზაციას სასამართლოს ბრძანებები გადაეცათ. მესამე სექტორმა სასამართლოს განჩინების ნაწილი გაასაჯაროვა. დოკუმენტის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს აინტერესებს გაიგოს, ვის და რატომ დაეხმარნენ მესამე სექტორის წარმომადგენლები. 

სასამართლოს განჩინება არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებს, ბენეფიციარების და აქტივობებში ჩართული პირების სახელსა და გვარს, პირად ნომრებსა და აქტივობების ამსახველ ვიდეო-ფოტო მასალების გადაცემას.

ამის საპირწონედ, მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ აპირებენ სამართლებრივი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, „თუნდაც ამ გადაწყვეტილებას მათი დაპატიმრება მოჰყვეს“.

ერთობლივ განცხადებას უერთდებიან: "საფარი", "ღია საზოგადოების ფონდი", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", "მომავლის აკადემია", " ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი", „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „საქართველოს ევროპული ორბიტა“.