ევროპარლამენტარი: ამაღლობელის საქმე ყალბ ბრალდებებზეა დამყარებული - ჟურნალისტი მიზანშია ამოღებული, რადგან სიმართლეს იცავს
"მზია ამაღლობელის დაპატიმრება პოლიტიკურ ყალბ ბრალდებებზეა დამყარებული. მისი საქმე არის შეტევა პრესის თავისუფლებაზე" - ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტარმა ლენა შილინგიმ ევროპარლამენტში მიმდინარე სხდომაზე გააკეთა.
ლენა შილინგის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორი "მიზანში იმის გამო ამოიღო", რომ ჟურნალისტმა ჩუმად ყოფნას სიმართლის თქმა არჩია.
მზია ამაღლობელი პირველი და ერთადერთი პოლიტპატიმარი ჟურნალისტია საქართველოში. მისი დაპატიმრება პოლიტიკურ ყალბ ბრალდებებზეა დამყარებული. მე ვესწრებოდი საქართველოში მის სასამართლოს. მისი საქმე არის შეტევა პრესის თავისუფლებაზე. მზია არის სიმბოლო იმ მოძრაობისა, რომელიც დაშინების მიუხედავად, იბრძვის დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის. ის მიზანშია ამოღებული, რადგან ის იცავს სიმართლეს და უარს ამბობს ჩუმად ყოფნაზე. ასობით პოლიტიკური პატიმარია ციხეში, რადგანაც ხდება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, რუსული კონტროლის დამყარება. მზია იცავს თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოს და ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ მას და საქართველოს ყველა მოქალაქეს მხარი დავუჭიროთ." - განაცხადა ლენა შილინგიმ.
შეგახსენებთ, ამ წუთებში ევროპარლამენტში მზია ამაღლობელის საქმესა და საქართველოში მედიის მგომარეობის შესახებ განხილვა მიმდინარეობს.