ზახარიევა: ევროკავშირი მზად არის, საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებს პასუხი აგებინოს
"საქართველოში ვითარება საგანგაშო სისწრაფით უარესდება და "ქართული ოცნების" ქვეყანა დემოკრატიულ ნორმებს შორდება" - ამის შესახებ სტარტაპების, კვლევისა და ინოვაციის საკითხებში ევროკომისარმა, ეკატერინა ზახარიევამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში "ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური ხმები შევიწროების, დაშინების და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის წინაშე აღმოჩნდენ", სწორედ ამიტომ, ზახარიევას განმარტებით, "ევროკავშირი მზად არის, საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებს პასუხი აგებინოს".
როგორც ბევრმა თქვენგანმა თქვით, საქართველოში ვითარება საგანგაშო სისწრაფით უარესდება და “ქართული ოცნების” ქვეყანა დემოკრატიულ ნორმებს შორდება.
ბოლო თვეებში ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ოპოზიციური ხმები შევიწროების, დაშინებისა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის წინაშე აღმოჩნდნენ. ახალგაზრდა დემონსტრანტები არაპროპორციულად მკაცრ განაჩენებს იღებენ. დამოუკიდებელ მედიასა და პოლიტიკურ კრიტიკოსებს სასამართლოებში დაატარებენ - ტაქტიკა, რომელიც აშკარად განსხვავებული ხმების გასაჩუმებლად და დემოკრატიული სივრცის შესაზღუდად არის შექმნილი.
ეს არ არის საქციელი, რომელსაც ჩვენ, ევროკავშირი, და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეები მოელიან ქვეყნისგან, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს…
საქართველოს ევროპული გზა ღია რჩება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ მასზე მუშაობა უნდა აირჩიოს.
მედიის თავისუფლება ასევე დიდი საფრთხის ქვეშაა. დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს სამიზნეში იღებენ მხოლოდ იმისთვის, რომ სიმართლეს ამბობენ და ხმას აძლევენ მათ, ვისაც ხმა არ აქვს.
მზია ამაღლობელი ერთ-ერთი ასეთი ჟურნალისტია, რომელიც სიმართლისა და სამართლიანობისადმი საკუთარი ერთგულების გამო არის დაპატიმრებული. მისი "ქეისი" თავისუფალი გამოხატვის სივრცის შეზღუდვის სიმბოლოა. ეს მიუღებელია ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფის და მისი გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივართ.
დამოუკიდებელი ჟურნალიზმი და მაუწყებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უსამართლობის გამოსააშკარავებლად, არამედ ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციის მზარდი ტალღისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, რომელსაც ხელისუფლებაში მყოფები ავრცელებენ. მყარად ვუდგავართ გვერდში საქართველოს დამოუკიდებელ მედიას…
ევროკავშირი მზადაა ზომები მიიღოს, რათა პასუხი აგებინოს საქართველოში ადამიანი უფლებების დამრღვევებს”, - განაცხადა სტარტაპების, კვლევისა და ინოვაციის საკითხებში ევროკომისარმა, ეკატერინა ზახარიევამ.
შეგახსენებთ, ამ წუთებში ევროპარლამენტში მზია ამაღლობელის საქმესა და საქართველოში მედიის მგომარეობის შესახებ განხილვა მიმდინარეობს.