"ოცნება" გახარიას წინააღმდეგ გარკვეულ არგუმენტებს ეძებს - ზაქარეიშვილი

18.06.25 23:51
"ოცნება" გახარიას წინააღმდეგ გარკვეულ არგუმენტებს ეძებს - ზაქარეიშვილი

"ქართული ოცნების" მიერ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდის წინა პლანზე წამოწევას პაატა ზაქარეიშვილი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში აფასებს - კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ მოცემულ თემასთან დაკავშირებით პროკურატურაში ყოფილი მაღალჩინოსნების დაბარება "გიორგი გახარიას წინააღმდეგ გარკვეული არგუმენტების" მოძიებას ემსახურება. 

ისინი ახლა გახარიას წინააღმდეგ გარკვეულ არგუმენტებს ეძებენ. ეს საინტერესო მომენტია, რადგან მათ ვერაფერი ვერ იპოვეს გახარიას წინააღმდეგ რაიმე სხვა და ამ უდღეური საგუშაგოს გამო ლაპარაკობენ. საგუშაგო თავის დროზე დაიდგა იმისთვის, რომ რუსეთი მუდმივად ატარებს საოკუპაციო ხაზს. უამრავ სოფლებში ველებზე, სათიბებზე გაიარა, დააზიანა მეურნეობა საქართველოს მოქალაქეების. იმდროინდელმა "ოცნებამ" ჩათვალა, რომ იქ დააფიქსირეს შესაძლო გავლება საოკუპაციო ხაზის და წინსწრებად მოინდომეს, რომ რუსებისთვის დაესწროთ და ააშენეს საგუშაგო. ამით არაფერი დაკარგულა." - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. 

ჩორჩანის საგუშაგოს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ამ თემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გიორგი გახარიას შეკითხვები ე.წ. წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე დაუსვეს. 

"ქართული ოცნების" პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრთა თქმით, გიორგი გახარიამ მათი ხელისუფლების პირობებში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, პოლიციის საგუშაგო თვითნებურად ააშენა და ახალი ომი საფრთხე შექმნა.

 „ყველამ ყველაფერი იცოდა, დასწრება“ იყო საჭირო, რადგან სასწორზე 1800 ჰექტარი ტყის მასივის დაკარგვა იდო," - თქვა "ქართული ოცნების" საპასუხოდ გიორგი გახარიამ, აპრილში. 

14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე.

უწყება ამბობს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, შეისწავლიან 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გიორგი გახარიას მიერ „განხორციელებულ ქმედებას“.

გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა, ვახტან გომელაური, ალეკო ტაბატაძე, კახი კახიშვილი, ალექსანდრე ლომიძე და მაია ცქიტიშვილი.