ფავლენიშვილი: ევროპარლამენტში მნიშვნელოვანი დისკუსია ვიხილეთ, ყველა პოლიტპატიმარზე იყო საუბარი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე
“ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, გუშინ საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართული დისკუსია ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სადაც ყველა პოლიტიკურ პატიმარზე იყო საუბარი, მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე.
“ისტორიული რეალობა უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება ყველასთვის, რომ ივანიშვილი და მისი ბანდა არის დაჯგუფება, რომელმაც ჩამოაცილა საქართველო დასავლეთს"- ამბობს ფავლენიშვილი.
“გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია ვიხილეთ მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა პოლიტპატიმარზე იყო საუბარი, მათ შორის ჩვენი პარტიის დამფუძნებელზე, მიხეილ სააკაშვილზე. რიგმა პოლიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს მიხეილ სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” როლზე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ეს ისტორიული რეალობა უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება ყველასთვის, რომ ივანიშვილი და მისი ბანდა არის დაჯგუფება, რომელმაც ჩამოაცილა საქართველო დასავლეთს, ხოლო ჩვენი პოლიტიკური ძალა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით იყო ის ლოკომოტივი, რომელიც ყველაზე დიდ როლს თამაშობდა დასავლური ინტეგრაციის პროცესში. ეს არის ყველაზე მეტად ხილული ივანიშვილის დიქტატურის დამყარების შემდგომ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ.” - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა