რა წერია შუამდგომლობაში არასამთავრობოს წინააღმდეგ, რომლითაც ანტიკორუფციულმა სასამართლოს მიმართა
ცნობილი ხდება, რა წერია შუამდგომლობაში, რომლითაც ანტიკორუფციულმა ბიურომ სასამართლოს მიმართა. ირკვევა რომ რაჟდენდ კუპრაშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მტკიცებულებებად სოციალურ ქსელში წაკითხული პოსტები, ქარდები და გავლენიანი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირების საჯაროდ თქმული განცხადებები წარადგინა.
მაგალითისთვის, კუპრაშვილი საქმეს მტკიცებულებად ურთავს ეკა გიგაურის გამოსვლას ევროპარლამენტში, სადაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირქტორი ამბობს რომ "უნდა იბრძოლონ პოლიტპატიმრებისთვის".
გარდა ამისა, განჩინებაში მოყვანილია სხვადასხვა განცხადებები და მათ შორის საინფორმაციო შინაარსის მატარებელი ფბ-პოსტები, მაგალითად - სად იმართებოდა ამა თუ იმ დღეს აქცია და როგორ უნდა დაეცვათ მოქალაქეებს არჩევნებზე საკუთარი ხმა.
არჩევნების შემდეგ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" და სხვა არასამთავრობოებს ჰქონდა კამპნაია "ამოიღე ხმა" და "დაიბრუნე ხმა", რომელიც ასევე მოხვდა ანტიკორუფციული ბიუროს განჩინებაში.
ასევე რაჟდენ კუპრაშვილის უწყებამ მტკიცებულად წარადგინა არასამთავრობოების შეფასება, თუ როგორი მასიური დარღვევების ფონზე წარიმართა არჩევნები.
ასევე არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაზეც არასამთავრობოებიც ამახვილებენ ყურადღებას, ანტიკორუფციულმა სასამართლოს მიმართა და არასამთავრობოების წინააღმდეგ მტკიცებულებად დაურთო სტრასბურგში მიმართვა, როდესაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ევროსასამართლოს მიმართა და გაასაჩივრა წინა წელს მიღებული რუსული კანონი.
გავლენიან ორგანიზაციებში ეჭვი აქვთ, რომ "ქართული ოცნება" კუპრაშვილის ხელით აპირებს მათზე შურისძიებას.
მათ გააღიზიანა იმან, რომ ჩვენ გავასაჩივრეთ რუსული კანონი სტრასბურგში, რომ ჩვენ ინფორმაციას ვაწვდით საზოგადოებას იმ დრაკონულ კანონებთან დაკავშირებით, რაც მიიღო "ქართულმა ოცნებამ" და ასევე ვართ აქტიურად ჩართულები საარჩევნო დაკვირვებაში. ზუსტად ამიტომ, ისინი ცდილობენ, რომ პერსონალური ინფორმაცია მოიპოვონ იმ ადამიანების, რომლებიც ჩვენ გვეხმარებიან, იმისთვის, რომ უკვე მათ შეუქმნან პრობლემები", - აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.
- 17 ივნისს ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე, 5 უფლებადამცველ ორგანიზაციას სასამართლოს ბრძანებები გადაეცათ. მესამე სექტორმა სასამართლოს განჩინების ნაწილი გაასაჯაროვა. დოკუმენტის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს აინტერესებს გაიგოს, ვის და რატომ დაეხმარნენ მესამე სექტორის წარმომადგენლები.
სასამართლოს განჩინება არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებს, ბენეფიციარების და აქტივობებში ჩართული პირების სახელსა და გვარს, პირად ნომრებსა და აქტივობების ამსახველ ვიდეო-ფოტო მასალების გადაცემას.
ამის საპირწონედ, მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ აპირებენ სამართლებრივი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, „თუნდაც ამ გადაწყვეტილებას მათი დაპატიმრება მოჰყვეს“.