უარი ეუთო/ოდირს - რას ნიშნავს "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება
რატომ არ სურს "ქართულ ოცნებას" თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევა? - "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" დირექტორის მოადგილე ფიქრობს, რომ შესაძლოა, ივანიშვილის გუნდი ადგილობრივი არჩევნების გაყალბებასაც აპირებდეს და მზად არ იყოს, ეუთო/ოდირის კრიტიკული დასკვნის მოსასმენად.
როგორც ლევან ნატროშვილი "პირველებთან" ამბობს, მეორე მიზეზი შეიძლება იმას უკავშირდებოდეს, რომ "ქართული ოცნება" ავტორიტარიზმის მაღალ დონეზე გადავიდა და სწორედ ამიტომ საარჩევნო პროცესში საერთაშორისო აქტორების ჩართულობა მნიშვნელოვნად აღარ მიაჩნია.
ეს განცხადება ცალსახად მანიპულაციური იყო. ეუთო/ოდირს აქვს პრიორიტეტი, რომ დააკვირდეს ეროვნულ არჩევნებს, როგორიც არის საპარლამენტო, საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ ისინი ასევე იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიის ხარისხი არ არის მაღალი, აკვირდებიან ადგილობრივ არჩევნებსაც. საქართველოს მაგალითსაც თუ ავიღებთ, ბოლოს ჩატარებული 5 ადგილობრივი არჩევნებიდან, მხოლოდ ერთზე არ იყო ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია, დანარჩენ 4-ზე ჩამოვიდნენ ისინი. ნებისმიერი მთავრობის ინტერესში უნდა იყოს, რომ ასეთი მისიები არსებობდეს ქვეყანაში, რათა არჩევნების აღიარების პრობლემა არ შეიქმნას. რადგანაც ეს არ ხდება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათ უბრალოდ არ სურთ ამ მისიის ჩამოსვლა, რადგან იციან, რომ ნეგატიური დასკვნა დაიდება. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს, რომ ისინი უკვე ავტორიტარიზმის ისეთ დონეზე გადავიდნენ, როდესაც საერთოდ არ მიაჩნიათ საჭიროდ საერთაშორისო აქტორების ჩართულობა ამ პროცესში." - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
ამავე პოზიციას იზიარებს "სამართლიანი არჩევნების" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე. დოლიძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ თითქოს თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება ეუთო/ოდირის პრაქტიკა არ არის, სიმართლეს არ შეესაბამება.
მესამე სექტორის წარმომადგენლის ცნობით, ეუთო/ოდირი ადგილობრივ არჩევნებს მით უფრო იმ ქვეყნებში აკვირდება, სადაც "დემოკრატია შემდგარი არ არის".
საუბარი იმაზე, რომ თვითმმართველობის არჩევნების დაკვირვება შეიძლება არ იყოს სტანდარტი, ან პრაქტიკა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. გასაგებია, რომ შეიძლება ეუთო/ოდირმა პრიორიტეტი მიანიჭოს საპარლამენტო, საპრეზიდენტო არჩევნებს, მაგრამ ნამდვილად არის იმის პრაქტიკა, რომ ეუთო/ოდირი აკვირდება თვითმმართველობის არჩევნებსაც, მით უფრო იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატია არ არის შემდგარი და საჭიროებს ასე დაკვირვებას. რას უნდა ნიშნავდეს ეს? ერთი იმას, რომ "ქართულ ოცნებას" საერთოდ აღარ სურს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა და აღიარების ნაწილი მათთვის საინტერესო აღარ არის. ან პირიქით, ვინაიდან გასულ არჩევნებზე ბევრი პრობლემა ნახეს, შესაძლოა რომ მსგავს პრაქტიკებს აპირებენ ისინი ამ არჩევნებზეც და არ სურთ საერთაშორისო დამკვირვებლები". - განაცხადა ნინო დოლიძემ.
"ქართული ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევას არ გეგმავს. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს". მისივე თქმით, სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე, საერთო ეროვნულ არჩევნებზე ხდება ხოლმე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა.