"ოცნების" ულტიმატუმი ევროპულ ინსტიტუტებს - რატომ არ იწვევს ეუთო/ოდირს ივანიშვილის გუნდი
რატომ არ იწვევს სადამკვირვებლო მისიას ივანიშვილის გუნდი - ირაკლი კობახიძის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების შემდეგ შეფასებებს "ქართული ოცნების" სხვა წევრებიც აკეთებენ.
გაირკვა, რომ მიზეზი ევროპული ინსტიტუციებისგან საპარლამენტო არჩევნების არაღიარებაა.
ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ იქამდე, სანამ "ევროპული ინსტიტუციები ხმამაღლა და მკაფიოდ არ აღიარებენ" არჩევნების შედეგებს, თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევის აზრს ვერ ხედავს.
ივანიშვილის გუნდის წარმომადგენელი ამტკიცებს იმასაც, რომ "საერთაშორისო მისიების შეფასება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს საერთოდ არ სჭირდება".
სანამ, ევროპული ინსტიტუციები ხმამაღლა და მკაფიოდ არ აღიარებენ 2024 წლის ეუთო/ოდირის დასკვნის შედეგად საქართველოს არჩევნებს შემდგარად და ასეთი მავნებლური რეზოლუციების გამოშვებას არ შეეშვებიან, მანამდე აზრსაც ვერ ვხედავ ეუთო/ოდირთან დაკავშირებით. საერთაშორისო მისიების შეფასება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს საერთოდ არ სჭირდება. რას ნიშნავს სიტყვაზე ვენდოთ გიორგი კალანდარიშვილს? არსებობს კანონი და არსებობს კანონით შექმნილი ინსტიტუციები, არსებობს სადამკვირვებლო მთელი მექანიზმი, რომელიც ყველა არჩევნებზე მუშაობს. სიტყვაზე კი არ უნდა ენდოთ, კანონით და არგუმენტებით უნდა შეაფასოთ ყველაფერი". - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
"ქართული ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევას არ გეგმავს. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს". მისივე თქმით, სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე, საერთო ეროვნულ არჩევნებზე ხდება ხოლმე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა.