ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი საპატრიარქოში იმყოფება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი საპატრიარქოში იმყოფება. "პირველების" კამერამ გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, რომ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი საპატრიარქოში შეაცილეს.
ადგილზე იმყოფებიან სინოდის წევრებიც, თუმცა არასრული შემადგენლობით. მაღალი იერარქების ერთმა ნაწილმა მედიისგან შეიტყო, რომ მღვდელმთავრებს დღეს შეკრება ჰქონდათ დაგეგმილი.
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ მისთვის არავის შეუტყობინებია, რომ მაღალი იერარქები საპატრიარქოში მისვლას აპირებდნენ.
მე ეპარქიაში ვარ, არა, (არ დამიძახეს). არ ვიცი რა საკითხზე იკრიბებიან, ეტყობა, ისე უბრალოდ შეიკრიბნენ"- აცხადებს სინოდის წევრი.
რაც შეეხება მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის სავარაუდო ლიკვიდაციის საქმეს, მეუფე ნიკოლოზი გამორიცხავს, რომ ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანს სტატუსი შეუჩერონ:
ვერ გეტყვით, ეს საკითხი რამდენად აქტუალურია. მე რამდენადაც ვიცი, მასზე იყო თავდასხმა. თუ ეს თავდასხმა იყო, კიდე ის რატომ უნდა გადააყენონ?! (პროკურატურასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხი) არ ვიცი, ვერ გეტყვით" - უთხრა მაღალმა იერარქმა "ტვ პირველს".
ერთ-ერთი ვერსიით, ამ წუთებში სასულიერო პირები ეპისკოპოსის სავარაუდო ლიკვიდაციის და მოწამვლის გეგმის შესახებ მსჯელობენ.
ამ დრომდე საპატრიარქოს სკანდალური ქადაგების შესახებ არაფერი უთქვამს.
მიმდინარე წლის 8 ივნისს მაღალმა იერარქმა ამბიონიდან თქვა, რომ ახლო წარსულში ხელისუფლების წარმომადგენელი მის მოწამვლას გეგმავდა და ამ მიზნით მონაზონიც ჰყავდა გადაბირებული, რომელსაც ეპარქიიდან ინფორმაციები გაჰქონდა.
პროკურატურამ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ „TV პირველს“ განუცხადა, რომ არ გეგმავს ჩვენება მისცეს საგამოძიებო უწყებებს 8 ივნისს მკვლელობის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე.
მოგვიანებით, მარნეულის ეპარქიამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, გ.შ.-ს (სავარაუდოდ გიორგი შინჯიკაშვილს) ეპისკოპოს ჯამდელიანის მკვლელობის მცდელობა დაუდგინა და ზიარება აუკრძალა.
14 ივნისს "ნოდარ მელაძის შაბათმა" წყაროს მიერ მიწოდებული აუდიო-ჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელიც კონფიდენტის თქმით, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, გიორგი ჯამდელიანისა და იმ მონაზვნის საუბარს ასახავს, რომელიც სავარაუდოდ, მთავარეპისკოპოსის გასანეიტრალებლად გადაიბარეს.
ჩანაწერის მიხედვით, მონაზონი ეპისკოპოსს ეუვნაბა, რომ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე, გიორგი შინჯიკაშვილი მისი მოწამვლის გეგმას თვეების განმავლობაში ამუშავებდა. ამავე აუდიო ჩანაწის თანახმად, მონაზონიწმინდა სინოდის წევრს ეუბნება, რომ მისი ლიკვიდაციის სურვილი დღის წესრიგიდან ახლაც არ არის მოხსნილი.