ODIHR- ის პასუხი: 2002 წლის შემდეგ საქართველოში ყველა მუნიციპალურ არჩევნებზე გვიწვევდნენ
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისი აცხადებს, რომ 2002 წლის შემდეგ, ODIHR-ის მისიას საქართველოში ყველა ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად რეგულარულად იწვევდნენ.
"ნეტგაზეთისთვის" გაგზავნილ ოფიციალურ პასუხში ეუთო/ოდირი აღნიშნავს, რომ სადამკვირვებლო მისია გამოაგზავნა თითქმის ყველა ასეთ არჩევნებზე, გარდა ერთისა, სადაც დამკვირვებლად მოწვეული იყო, თუმცა ფინანსური მიზეზების გამო მისია ვერ გამოგზავნა.
ადგილობრივ არჩევნებზე ეუთო/ოდირის დაკვირვების მოკლე მიმოხილვა:
- მუნიციპალური არჩევნები, 2021 წლის 2 და 30 ოქტომბერი – არჩევნების სადამკვირვებლო მისია (EOM);
- მუნიციპალური არჩევნები, 2017 წლის 21 ოქტომბერი და 12 ნოემბერი – არჩევნების სადამკვირვებლო მისია (EOM);
- მუნიციპალური არჩევნები, 2014 წლის 15 ივნისი – ბიუჯეტური შეზღუდვების გამო მისია არ შედგა;
- მუნიციპალური არჩევნები, 2010 წლის 30 მაისი – არჩევნების სადამკვირვებლო მისია (EOM);
- მუნიციპალური არჩევნები, 2006 წლის 5 ოქტომბერი – შეზღუდული სადამკვირვებლო მისია (LEOM).
„ODIHR-ი ასევე დააკვირდა რამდენიმე შუალედურ ადგილობრივ არჩევნებს საქართველოში. ჩვენ ვაკვირდებით მუნიციპალურ არჩევნებს მთელ OSCE-ს რეგიონში იმ შემთხვევაში, თუ მივიღებთ მოწვევას ეროვნული ხელისუფლებისგან. როგორც ყოველთვის, პროცესი იწყება საჭიროებების შეფასების მისიით, რომლის მიზანია საარჩევნო გარემოს, სამართლებრივი ჩარჩოსა და პოლიტიკური კონტექსტის შეფასება. ამ დეტალური შეფასების შედეგები და რესურსების ხელმისაწვდომობა განსაზღვრავს, გავაგზავნით თუ არა სადამკვირვებლო მისიას და რა ფორმით. ODIHR-ის მისიის ყოფნა ხელს უწყობს პროცესის გამჭვირვალობას, და ჩვენ ასევე ვაძლევთ რეკომენდაციებს, რათა გაძლიერდეს არჩევნების სანდოობა ადგილობრივ დონეზე“, — ნათქვამია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ „ნეტგაზეთისთვის“ გამოგზავნილ წერილობით ინფორმაციაში.
ოდირი წერილში აღნიშნავს, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მრავალ მუნიციპალურ არჩევნებს დააკვირდა. ბოლო ასეთი მაგალითებია ადგილობრივი არჩევნები ბოსნია და ჰერცეგოვინაში 2024 წლის ოქტომბერში, სერბეთში - 2024 წლის ივნისში და მოლდოვაში - 2023 წლის ნოემბერში.
„ქართული ოცნება“ 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევას არ აპირებს.ინფორმაცია გუშინ ირაკლი კობახიძემ დაადასტურა.