კუპრაშვილის უწყება facebook პოსტებს უთვალთვალებს
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წინააღმდეგ მტკიცებულებად სასამართლოში რაჟდენ კუპრაშვილმა ევროპარლამენტში ეკა გიგაურის გამოსვლა გაგზავნა, რაჟდენ კუპრაშვილის სამსახურმა გაშიფრა ეკა გიგაურის მიმართვა ევრო დეპუტატებისადმი, სადაც ის პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ დასავლური სანქციები ხალხს არ უნდა შეეხოს.
კუპრაშვილის უწყება უთვალთვალებს ფეისბუქ პოსტებსაც - სასამართლოსთვის გაგზავნილი შუამდგომლობიდან ირკვევა, რომ უწყებაში საგანგაშოდ მიიჩნევენ საინფორმაციო ხასიათისა და ოცნების მაკრიტიკებელ ფეისბუქ პოსტებს. მაგალითად, სად იმართება აქცია, რატომ არის დამაზიანებელი რუსული კანონი, როგორ მიიტაცა ოცნებამ არჩევნები იძულებითა და დაშინებით ყველა ეს სტატუსი ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა გაშიფრეს და სასამართლოს გადაუგზავნეს იმ მოტივით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მიიღოს ინფორმაცია, როგორც დაფინანსებაზე, ისე იმ მოქალაქეებზე, ვისაც ეხმარებიან.
მას მერე, რაც გაირკვა, რომ რაჟდენ კუპრაშვილი სოციალურ ქსელებს იკვლევს, მოქალაქეებმა მისი ფეისბუქი შესწავლა დაიწყეს.
ირკვევა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ამჟამინდელი ხელმძღვანელი 2012 წელს მიხეილ სააკაშვილის პოპულარიზაციით იყო დაკავებული - 2012 წლის არჩევნებამდე ის ფეისბუქზე სააკაშვილისა და მისი ოჯახის ფოტოებს ავრცელებდა . არჩევნების შემდეგ 21 დღეში ფერი იცვალა და ივანიშვილის მხარდამჭერი ახალი ამბები გააზიარა.