ნებისმიერი მოქმედებისთვის უნდა ვიყოთ მზად, მათ შორის სატუსაღოში ჩვენი გამომწყვდევისთვის-ბადრი ჯაფარიძე
ელოდება თუ არა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი პატიმრობას- ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ “ნებისმიერი სცენარისთვის უნდა იყვნენ მზად, მათ შორის სატუსაღოში მათი გამომწყვდევისთვის“.
როგორც ჯაფარიძემ გადაცემა „რეაქციაში“ ჩართვისას განაცხადა, “იმაზე უარესი, რასაც „ოცნება“ ქვეყნისთვის აკეთებს, ვეღარ მოხდება.“
“არ არის დიდი უბედურება, თუ “ქართული ოცნება“ გამოგვამწყვდევს ციხეში, არც ღირს ამისი დრამატიზება“,-ამბობს ის.
ოპოზიციონერი ლიდერი მიიჩნევს, რომ ახლა მთავარია, “ადამიანების დათრგუნვა ვერ მოახერხონ, ნიჰილიზმის და უიმედობის დანერგვა და დანარჩენს ყველაფერს გაუმკლავდებიან.“
არ არის დიდი უბედურება, თუ “ქართული ოცნება“ გამოგვამწყვდევს ციხეში, არც ღირს ამისი დრამატიზება, აქედან გამომდინარე, ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვიმოქმედებთ შესაბამისად, მაგრამ ბრძოლას ყველა შემთხვევაში გავაგრძელებთ.
იმაზე უარესი არ შეიძლება იყოს, რასაც ჩვენ ვხედავთ “ქართული ოცნების“ მხრიდან. სრულიად უდანაშაულო ადამიანები და პოლიტიკური ლიდერები უმიზეზოდ არიან გამომწყვდეული ციხეში, კიდევ მეტს დააპატიმრებენ? მით უარესი “ოცნებისთვის“, ჩაგვსვავენ ციხეში? მით უარესი მათთვის, აქ არავის ეშინია, რადგან ყველამ ვიცით, რეჟიმი, რომელიც გვიპირისპირდება, იყენებს ავტოკრატიული რეჟიმისთვის დამახასიათებელ ყველას შესაძლო ინსტრუმენტს, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ბრძოლას ქვეყნის გადასარჩენად, რათა საქართველოს სახელმწიფო არ გააქრონ რუკიდან, რისი მცდელობაც არის რუსეთის ინტერესებში მოქმედი პოლიტიკოსების მხრიდან. უნდა ვიყოთ მზად ნებისმიერი მოქმედებისთვის, მათ შორის სატუსაღოში ჩვენი გამომწყვდევისთვის და ეს არ არის ისეთი ნაბიჯი, რომელსაც არ უნდა ელოდო, თუმცა ეს ყველაფერი აუცილებლად უკან მიუბრუნდებათ. მთავარია, მათ ადამიანების დათრგუნვა ვერ მოახერხონ, ნიჰილიზმის და უიმედობის დანერგვა, სწორედ ამ დაშინების მცდელობას უნდა დავუპირსპიროთ გაუტეხლობა და ერთგულება და დანარჩენს ყველაფერს გავუმკლავდებით,-განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, ხვალინდელ სასამართლო პროცესს თავად არ დაესწრება და სასამართლოში მისი ადვოკატები მივლენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესები 20 ივნისს გაიმართება.
ბადრი ჯაფარიძის საქმის განხილვა 14:00 საათზე არის ჩანიშნული, ხოლო მამუკა ხაზარაძის 16:00 საათზე.