ევროსაბჭოს განცხადება ცხადყოფს, რომ საქართველოში ადამიანებს უკვე სტატუსების გამო ასამართლებენ - ვიკა ბუკია
ევროსაბჭოს განცხადება ცხადყოფს, რომ საქართველოში ადამიანებს უკვე სტატუსების გამო ასამართლებენ, - ამის შესახებ ტვ პირველის ჟურნალისტი ვიკა ბუკია საუბრობს. მისი თქმით, ევროსაბჭომ, გამოქვეყნებული განცხადებით, "ოცნებას" განუმარტა, რას ნიშნავს რეალურად სიტყვის თავისუფლება.
ზუსტად ევროპულ კონვენციას იშველიებდნენ შსს-ს წარმომადგენლები, მოსამართლე და ამ კონვენციის მოშველიებით და არ ვიცი, საიდან გამოჰქონდათ ეს დასკვნები, გამოგვიწერეს 4 ათას ლარიანი ჯარიმა და ვნახე, ხომ, სინამდვილეში, რას ნიშნავს სიტყვის თავისუფლება. განგვიმარტეს, უთხრეს მათ და პრინციპში, ევროსაბჭოს ეს განცხადება ცხადყოფს, რომ საქართველოში უკვე სტატუსების გამო ასამართლებენ ჟურნალისტებს, ასამართლებენ მოქალაქეებს, - ამბობს ვიკა ბუკია.
ევროპის საბჭომ ექვსი ქართველი ჟურნალისტის- ვიკა ბუკიას, ეკა მიშველაძის, ნანუკა ჟორჟოლიანის, ვახო სანაიას, მიშა მშვილდაძის და დეა მამისეიშვილის დევნის შესახებ ოფიციალური შეტყობინება გამოაქვეყნა.
ევროპის საბჭოს შეფასებით, აღნიშნული დევნა წარმოადგენს საფრთხეს სიტყვის თავისუფლებისთვის საქართველოში.
პლატფორმაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად, პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლება განსაკუთრებული დაცვით სარგებლობს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ის სიძულვილის ენასა და ძალადობის წახალისებას ეხება.