სისტემას ნიკა მელიას დაშინება არ გამოუვა - კოალიცია "ცვლილებისთვის" ბრიფინგი
ნიკა მელიასთვის ახალი ბრალის წარდგენას კოალიცია "ცვლილებისთვის" საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. ოპოზიციურ გაერთიანებაში აღნიშნავენ, რომ მელია რეპრესიების მსხვერპლია, რადგან მისი უკანონო გატაცებით ამდ რომდე არავინ დაინტერესებულა.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კირთაძის განცხადებით, ყველა ამ უკანონობაზე "ოცნებას" პასუხისგება ძალიან მალე მოუწევს.
დღეს ჩვენი პარტიისა და კოალიციის ლიდერს, ნიკა მელიას ახალი ბრალი წარუდგინეს. ციხეში მყოფ ნიკა მელიას წარუდგინეს ახალი ბრალი. მას ედავებიან მოსამართლის მანტიაში გამოწყობილი ზონდერისთვის წყლის შესხმას სასამართლო დარბაზში. ბევრი საათის განმავლობაში ნიკა მელია ამ ადამიანს უხსნიდა მისი კრიმინალური გატაცების დეტალებს და რბილად რომ ვთქვათ, ზონდერ შვანგირაძეს არანაირი რეაქცია არ ჰქონდა და ამიტომაც, ბუნებრივია, იყო ის რეაქცია, რაც ჰქონდა ნიკა მელიას.
მინდა, ყველას შევახსენო, რომ ამ დრომდე, არც ნიკა მელიას, არც მის უფლებადამცველებს ამ კრიმინალური გატაცების შესახებ ფორმალური დოკუმენტაციაც კი არ ჩაჰბარებიათ და ამ დროს, ციხეში მყოფს, მას მეორედ წარუდგინეს ბრალი.
არ ვიცი ამით რას აკეთებს ივანიშვილი ან რა გათვლები აქვს, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი გვიძლიერებს რწმენას იმის შესახებ, რომ ვდგავართ სწორ გზაზე. უნდა ესმოდეს ყველას, მათ შორის, ჩვენს მხარდამჭერებს, რომ ძალიან ახლოსაა ის დრო, როცა ივანიშვილის რეჟიმი ყველა ამ უკანონობაზე აუცილებლად აგებს პასუხს, - ამბობს გიორგი კირთაძე.
"ცვლილებისთვის" კიდევ ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, ნიკა მელიას რეპრესიებით ვერ გატეხავენ და ვერც იმას აიძულებენ, პოზიცია შეცვალოს და ბრძოლა შეწყვიტოს.
ამასთან, ხოშტარიას თქმით, PACE-ში ჩანიშნულია დებატები, სადაც ცალკე საკითხად, სწორედ ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას და ზურა ჯაფარიძის დაკავების საკითხს განიხილავენ.
ბუნებრივია, მორიგ ჯერზე რეპრესიების მსხვერპლია ნიკა მელია, რომელიც განსაკუთრებული, კრიმინალური ფორმით გაიტაცეს და ამას ერქვა მხოლოდ და მხოლოდ გატაცება. ამასთანავე, რეპრესიებს აქვს აზრი, როდესაც შენ შეგიძლია, ადამიანი გატეხო, როდესაც შენ შეგიძლია, ადამიანი შეაშინო ციხეში ჩაჯდომით. ყველას ახსოვდეს, რომ ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ზურა ჯაფარიძეც თავისი პრინციპული, გაუტეხელი გადაწყვეტილებით წავიდენ ციხეში. ამიტომ სისტემას არაფერი გამოუვა. არც მისი დაშინება, არ მისი პოზიციის, პოლიტიკური ბრძოლის ცვლილება.
ამასთანავე, მინდა, ვუთხრა საზოგადოებას და ასევე ჩვენს ბიჭებს, რომლებიც ციხეში, იმედია, გვისმენენ, რომ 23-ის კვირაში პასეში ჩანიშნულია დებატები, რომელზეც ცალკე ნიკა, ნიკას და ზურას საკითხი იქნება განხილული. ჩვენ ყველანაირი ინფორმაცია მიწოდებული გვაქვს, ჩვენი დელეგაცია იქ იქნება და საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან ხმამაღლა ამაზე ვისაუბრებთ, - თქვა ხოშტარიამ.
საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა- მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურის ინფორმაციით, მელიას ბრალად სასამართლოს უპატივცემულობა ედება, რაც მოსამართლის შეურაცხყოფით გამოიხატება.
უწყების ცნობით, ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.