ხოშტარია: მამუკა ხაზარაძეს იმ ერთობისთვის, რომელზეც საუბრობს, თავი აქვს გადადებული
მამუკა ხაზარაძეს იმ ერთობისთვის, რომელზეც საუბრობს, თავი აქვს გადადებული, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციებისა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ერთმანეთის "ნიშნისმოგებით" არ უნდა იმოქმედონ და სწორ სტრატეგიაზე უნდა შეთანხმდნენ.
"ლელოს" შესვლა არჩევნებში იქნება არასასურველი სცენარი. საჯაროდ მინდა მივმართო "ლელოს" და დავუფიქსირო ჩემი მართლა დიდი პატივისცემა, როგორც თანამებრძოლებს, ასევე ვუთხრა, რომ აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, ვინ მოვიგებთ ამ კამათში, აქ არ არსებობს პარტიული თუ პლატფორმული, თუ კოალიციური, თუ პოლიტიკური ნიშნისმოგება და ინტერესი. არსებობს ერთადერთი გულწრფელი მართლა გააზრებული შეჯერება სწორ სტრატეგიაზე. მე ხაზგასმით ვამბობ, რომ მამუკა ხაზარაძეს იმ ერთობისთვის, რომელზეც საუბრობს, თავი აქვს გადადებული. თავის დროზე, მელიას კამპანია როდესაც იყო, მამუკა გვერდით დაუდგა, თუ გახსოვთ ჩვენ მაშინ პატარა კოალიცია გავაკეთეთ, ეს იყო მამუკას იდეა, მისი ინიციატივა.
წლების განმავლობაში მე მინახავს როგორი მონდომებულია ერთობისთვის მამუკა ხაზარაძე ამიტომ, ჩვენ ამ დღევანდელი კამათის გამო არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ვინმე ვინმეს კუთხეში ამწყვდევს, პირიქით, ჩვენ უნდა გვქონდეს დამოკიდებულება, რომ მე მაგალითად, მიღიარებია და გახსოვთ ეს თქვენ, ერთიანი სიის მომხრე ვიყავი, მერე ვთქვი, ჩავატაროთ კვლევა და როგორც კვლევა იტყვის შევცვლი პოზიციას და ნამდვილად გამიხარდა, რომ შემიძლია ვთქვა, რომ თურმე ეს გზაც არის სწორი გზა და შევქმენით მერე კოალიცია.
ჩვენ არც ერთმანეთის მიმართ არ გვჭირდება ნიშნისმოგება, მართლა ერთ ბრძოლაში ვართ და ეს ბრძოლა მძიმე რაღაცებზე გადის, მათ შორის ციხეზე. მე არ ვიცი მამუკას დაიჭერენ თუ არ დაიჭერენ, მე უნდა დავიცვა მამუკა, თუ გარეთ ვიქნები, უნდა ვიბრძოლო მისთვის და ვიბრძოლებ რაც არ უნდა იყოს აუცილებლად, ყველასთვის! ამიტომ, ნუ გვექნება ჩაჭიდებული პოზიცია, ვიპოვოთ გამოსავალი!" - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.