"23 ივნისს EU-ს წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ, მზად ვართ დახმარებისთვის, მაგრამ ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო" - ჰერჩინსკი
"23 ივნისს EU-ს წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ. მზად ვართ დახმარებისთვის, მაგრამ ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო" - ამის შესახებ განცხადება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა.
პაველ ჰერჩინსკიმ გამოცემა "ბათუმელებისთვის" მიცემულ ინტერვიუში პირდაპირ თქვა, რომ ევროკავშირში არსებობს მზაობა იმის თაობაზე, რომ საქართველოს EU-ს გზაზე დაბრუნებაში ხელი შეუწყონ, თუმცა ჰერჩინსკის განმარტებით, ამისთვის "ქართული ოცნების" "კეთილი ნება" არ არსებობს.
"ვხედავთ გაუარესებულ მდგომარეობას ადამიანის უფლებების კუთხით და უკუსვლას დემოკრატიულ ღირებულებებთან მიმართებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე თავდასხმას, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას" - აღნიშნა ჰერჩინსკიმ.
საქართველოს მოქალაქეები ნამდვილად იმსახურებენ უკეთეს მომავალს საკუთარი თავისთვის, თავიანთი შვილებისთვის. ჩვენ, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა, ამ საკითხს განვიხილავთ. ჩვენ საქართველოს არ მივატოვებთ.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 23 ივნისს, ორშაბათს, საქართველოს საკითხს განიხილავენ. მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ დახმარებისთვის, მზად ვართ ხელშეწყობისთვის, მაგრამ ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო.
სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ ხელისუფლების კეთილ ნებას, პირიქით, ვხედავთ გაუარესებულ მდგომარეობას ადამიანის უფლებების კუთხით და უკუსვლას დემოკრატიულ ღირებულებებთან მიმართებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე თავდასხმას, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას; გრძელდება თავდასხმა ევროკავშირზე, ევროკავშირი დემონიზირებულია, ევროკავშირს აბუჩად იგდებენ, ბევრ ევროპელ პოლიტიკოსს შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც ნამდვილად გულსატკენია". - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.