რაც ბოლო რამდენიმე თვეში მოხდა, ეს არის შემაძრწუნებელი ზეწოლა, ფრონტალური შეტევა საჯარო მოხელეებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე - ჰერჩინსკი

21.06.25 15:20
რაც ბოლო რამდენიმე თვეში მოხდა, ეს არის შემაძრწუნებელი ზეწოლა, ფრონტალური შეტევა საჯარო მოხელეებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე - ჰერჩინსკი

 

"რაც ბოლო რამდენიმე თვეში მოხდა, ეს არის შემაძრწუნებელი ზეწოლა, ფრონტალური შეტევა საჯარო მოხელეებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე" - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

ბათუმში ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, მედიის წარმომადგენლებ ის კითხვების საპასუხოდ, დიპლომატმა თქვა, რომ საქართველოში უფრო და უფრო მეტი "დრაკონული კანონი ჩნდება", რომელთა მიზანიც, ჰერჩინსკის განმარტებით, სამოქალაქო სექტორის "დახრჩობაა".       

რაც ბოლო რამდენიმე თვეში ხდება, არის შემაძრწუნებელი ზეწოლა — ფრონტალური შეტევა საჯარო მოხელეებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ბევრი ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურიდან „რეორგანიზაციის“ მიზეზით. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, ჩნდება სულ უფრო მეტი დრაკონული (ძალადობრივი) კანონი, რომლებიც, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდიან ამ ორგანიზაციების მუშაობას.

თქვენ ახსენეთ უცხო აგენტების ტიპის კანონები — ჩვენ უკვე ორი ასეთი კანონი გვაქვს. ახლა სამოქალაქო ორგანიზაციებს მოეთხოვებათ, რომ სამ სამუშაო დღეში წარადგინონ ინფორმაცია, რას აკეთებდნენ ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში — მათ შორის, მიაწოდონ ბენეფიციარების პირადი მონაცემებიც კი.

ჩვენ ამას მივიჩნევთ დაუსაბუთებელ და ძალიან ძლიერ ზეწოლად სამოქალაქო სექტორზე, რომელიც ფაქტობრივად ახრჩობს იმ მნიშვნელოვან საქმეს, რასაც ეს ორგანიზაციები აკეთებენ.

ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა და პირდაპირ აზიანებს საქართველოს ძალისხმევას, გახდეს ევროკავშირის წევრი.“ - განაცხადა ჰერჩინსკიმ. 

მსგავსი სიახლეები