"პოლიტიკური დევნის ბერკეტია" - სიორიძე გახარიას კომისიაზე ხელმეორედ დაბარებაზე

22.06.25 15:40
"პოლიტიკური დევნის ბერკეტია" - სიორიძე გახარიას კომისიაზე ხელმეორედ  დაბარებაზე

კიდევ ერთი ცინიკური გამოვლინება ივანიშვილის და წულუკიანის მხრიდან, - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" წევრი გიორგი სიორიძე ფაქტს, რომლის თანახმადაც გიორგი გახარია კომისიაზე ხელმეორედ დაიბარეს და ონლაინ ჩართვაზეც უარი უთხრეს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ კომისიაზე გამოცხადება იმთავითვე არასწორი ნაბიჯი იყო, თუმცა გახარიამ ეს გზა აირჩია და ახლა ჩორჩანას საქმე მის თავს დამოკლეს მახვილით კიდია.

სიორიძე გახარიას კომისიაზე მეორედ დაბარების ფაქტს პოლიტიკურ დევნად აფასებს.

ჩვენ ვთვლით, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, როდესაც არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი არალეგიტიმური კომისია გიბარებს, არის, უბრალოდ, არგამოცხადება. ასეც მოიქცნენ ჩვენი პარტიის ლიდერები. გახარიამ თავისი გზა აირჩია, თუმცა ვხედავთ, დამოკლეს მახვილივით არის ახლა დაკიდებული ეს მეორე საქმე, ჩორჩანას საგუშაგოს საქმე. ბუნებრივია, ეს არის სანახაობა მთლიანად, მაგრამ ამავდროულად, არის პოლიტიკური დევნის ბერკეტი, რასაც ივანიშვილი იყენებს თავისი ზრახვების განსახორციელებლად. ფორმალურადაც კი დაურღვიეს ის წესები, რომელიც დისტანციურ ჩართვას გულისხმობდა და ეს არის კიდევ ერთი ცინიკური გამოვლინება ივანიშვილის და წულუკიანის მხრიდან, - ამბობს გიორგი სიორიძე. 

გიორგი გახარია მზადაა, ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით წულუკიანის კომისიას დისტანციურად ჩაერთოს. ამის შესახებ განცხადებას პარტია "საქართველოსთვის" ავრცელებს.

განცხადებაში განმარტებულია, რომ პარტიის ლიდერი საზღვარგარეთ იმყოფება, რის გამოც კომისიაზე გამოცხადებას ფიზიკურად ვერ შეძლებს. ამის მიუხედავად, როგორც განცხადებიდან ირკვევა, წულუკიანი გახარიას დისტანციურად ჩართვაზე უარზეა.

 

მსგავსი სიახლეები