წულუკიანის კომისიამ ონლაინ ჩართო დავით ბაქრაძე, გიორგი გახარიას უარი უთხრა

23.06.25 11:52
წულუკიანის კომისიამ ონლაინ ჩართო დავით ბაქრაძე, გიორგი გახარიას უარი უთხრა

რატომ ეუბნება წულუკიანის კომისია გიორგი გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე უარს? მმართველი პარტია ირწმუნება, რომ ონლაინ ჩვენების მიცემის უფლებას მხოლოდ დაზარალებულებს ან მოწმეებს აძლევენ - ექს მინისტრი კი არცერთ ამ კატეგორიაში არ შედის. არადა, ახლაც წულუკიანის კომისიაზე დისტანციურად იკითხება გაეროში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე.

ამასთან, კომისიის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ გახარიას კეთილი უნდა ენება და საზღვარგარეთ წასვლის ნაცვლად, გამოკითხვაზე უდა გამოცხადებულიყო.

დისტანცირუად ვინც გვყავდა ჩართული, იყო ან მოწმე რაღაც მოვლენის, ან დაზარალებული. ე.ი., ეს სტატუსი აბსოლუტურად სხვა რამეა. გახარიასთან როცა გვაქვს საქმე, გახარიას არის პასუხისმგებელი. ბრალდებულს ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ბრალდებული არის თუ არა, ამას გაარკვევს პროკურატურა, მაგრამ პასუხისმგებელი რომ არის ჩორჩანას მოვლენებზე, ეს აბსოლუტურად განსხვავებულ სტატუსში აყენებს მას. ის არ არის არც მოწმე და მითუმეტეს, არც დაზარალებული რაღაც მოვლენებთან დაკავშირებით. ამიტომ, კეთილი უნდა ინებოს და კეთილი უნდა ენება, როდესაც წინასწარ მისთვის ცნობილი იყო, რომ კომისიაზე იყო გამოსაცხადებელი, მოსულიყო ამ სხდომაზე. ახლა, რა გადაწყეტილებას მიიღებს კომისია, ცოტა ხანში მე მივბრუნდები სხდომაზე და კომისიასთან ერთად მივიღებ ამ გადაწყვეტილებას, - ამბობს თენგიზ შარმანაშვილი. 

კომისიის კიდევ ერთი წევრი გურამ მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ დისტანციურად ჩართვა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება. მისი თქმით, მაშინ, როდესაც გახარიამ იცოდა, რომ კომისიაზე იყო დაბარებული, ქვეყანა არ უნდა დაეტოვებინა. 

მისი პასუხი ასეთი იქნება, რომ არავის ადვოკატირება მე არ მჭირდება, თქვენ თავს მიხედეთო. ისე, რომ იცოდეთ, მაინც. მაგრამ რაც შეეხება პროცედურებს, მან კარგად იცოდა, რომ კომისია ჩანიშნული იყო. ის იყო საქართველოში, როცა ჩაიბარა ეს უწყება, დაადასტურა და ამის შემდეგ მოიგონა ის, რომ მსოფლიო პოლიტიკა ვერ წყდება გახარიას გარეშე და უცხოეთში რამდენიმე ვირიანი შეხვედრები ჰქონია თურმე, არა ორ და სამდღიანი. კიდევ ვიმეორებ, წესების შესაბამისად, გამონაკლისი შემთხვევები არსებობს, როდესაც კომისია ჩათვლის საჭიროდ, რომ შეიძლება ჩართვით ადამიანი გამოიკითხოს და ახსნა-განმარტებები გააკეთოს, - ამბობს მაჭარაშვილი. 

გახარიას გუნდში კი ამბობენ, რომ ოპოზიციონერ ლიდერს საზღვარგარეთ შეხვედრები უკვე დაგეგმილი ჰქონდა, როდესაც კომისიაზე გამოცხადების უწყება მიიღო. გიორგი შარაშიძის თქმით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც კომისია თავად იმალება, რადგან გახარიას ონლაინ ჩართვაზე და კითხვებზე პასუხების გაცემაზე უარს ეუბნება.

გიორგი გახარია მზად არის, ონლაინ რეჟიმში, დისტანციურად ჩაერთოს კომისიას, რომელიც დღეს 12:00 საათზე დანიშნული. ის არ იმყოფება ფიზიკურად საქართველოში, მას დაგეგმილი ჰქონდა უკვე ვიზიტი მანამ, სანამ მიიღებდა კომისიისგა შეტყობინებას. ასე რომ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კომისია თავად იმალება და თავად ამბობს უარს ე.წ. გამოსაკითხი პირის გამოკითხვაზე. სწორედაც რომ გახარიას მიმართ პოლიტიკური შურისძიების გამო დღევანდელი ოცნება მზად არის, უღალატოს სახელმწიფო ინტერესებს და კითხვის ნიშნის ქვეშ, ეჭვქვეშ დააყენოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, - ამბობს გიორგი შარაშიძე. 

რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია, მისცემს გიორგი გახარიას მეორე შანსს, რომ კომისიაზე გაოცხადდეს, თუ გამოუცხადებლობის მოტივით პროკურატურას მიმართავს, ცნობილი, ცოტა ხანში გახდება. 

მსგავსი სიახლეები