ირაკლი კობახიძე რომეო მიქაუტაძის საქმეზე - რა შუაშია კალაძე?

23.06.25 13:28
ირაკლი კობახიძე რომეო მიქაუტაძის საქმეზე - რა შუაშია კალაძე?

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე პირველ კომენტარს აკეთებს. 

"პირველები" დაინტერესდა,  გამოიკითხა თუ არა საქმეზე ლევან დავითაშვილი და კახა კალაძე, რომლებიც სხვადასხვა დროს მიქაუტაძის ხელმძღვანელები იყვნენ.

კობახიძის თქმით, გამოძიება უკავშირდება ეკონომიკის სამინისტროში კონკრეტული პირის საქმიანობას, კობახიძეს უკვირს, რატომ უნდა დაიკითხოს საქმესთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი. 

რაც შეეხება ლევან დავითაშვილს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე "პირველების" კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ დავითაშვილის "კეთილსინდისიერებაში არავის ეპარება ეჭვი". 

„მე ვერ შევალ კონკრეტული საქმის დეტალებში. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენცია. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ზოგადად, კორუფციასთან ბრძოლა რჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად, ამბიციური მიზანი გვაქვს გაცხადებული, გვინდა ევროპის სამეულში შევიდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ამ კუთხით, ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა მთავრობაში, ხელისუფლებაში. ყველაფერი გაკეთდება, რომ მაქსიმალურად ვებრძოლოთ კორუფციას. კორუფცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას. ეს უნდა დარჩეს უმთავრეს პრიორიტეტად“, - აღნიშნა პრემიერმა.

საქმის მასალების მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.

მსგავსი სიახლეები