საქალაქოში ნიკა მელიას პროცესი იწყება - დაკავებული პოლიტიკოსი განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრება
საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი იწყება. სხდომას, სადაც, სავარაუდოდ, კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერის განაჩენი დღესვე გამოცხადდება, თავად ბრალდებული არ ესწრება. სასამართლოში გამოცხადებაზე უარი თავად მელიამ განაცხადა. დარბაზში მხოლოდ სხდომის მდივანი, ჟურნალისტები და მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი იმყოფებიან.
დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით პარლამენტის აპარატის თანამშრომელი გამოიკითხება, თუმცა, სავარაუდოდ, მასთან კითხვები არ ექნებათ მელიას ადვოკატებს.
იქ, სადაც ყველაფერი წინასწარ არის დაწერილი, ადვოკატებისთვის ძალიან ძნელია მტკიცებულებებზე საუბარი. დღეს ჩვენ არ ვაპირებთ სასამართლო პროცესზე მოწმეების და სხვა მტკიცებულებების გამოკვლევას და დაველოდებით განაჩენს, რომელიც წინასწარ არის გადაწყვეტილი. მოგეხსენებათ, ნიკა მელია ბოლო სამ კვირაში ორჯერ დააპატიმრეს. არ აქვს მნიშვნელობა დღეს რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, ჯარიმას შეუფარდებს თუ გაამართლებს, ნიკა მელიას მაინ პატიმრობა აქვს შეფარდებული, რაც თავისთავად, უპრეცედენტო ფაქტია და ცალსახაა, რომ ხელისუფლებას უნდა, ნიკა დარჩეს ციხეში. ამიტომაც მიიღეს ასეთი უპრეცედენტო გადაწყვეტილება: ორ საქმეში ცალ-ცალკე შეუფარდეს დაპატიმრება და დღეს ჩვენ დაველოდებით მოსამართლის განაჩენს,რ ომელიც, დამეთანხმებით, წინასწარ არის გასაზღვრული, - ამბობს ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავება. ამავე ბრალდებით 7 თვიანი პატიმრობა დღეს უკვე მიუსაჯეს ზურა გირჩი ჯაფარიძეს. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 8 თვიან პატიმრობაში გაუშვა მოსამართლემ ცოტა ხნის წინ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე. დღესვე, ამავე საქმეზე, განაჩენს ელოდება კოალიციის კიდევ ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძეც.