"ვერ გაგვტეხავენ! გაერთიანების დროა!" - ბადრი ჯაფარიძის ბოლო სიტყვები დაკავებამდე

23.06.25 17:44
"ვერ გაგვტეხავენ! გაერთიანების დროა!" - ბადრი ჯაფარიძის ბოლო სიტყვები დაკავებამდე

"ვერ გაგვტეხავენ!" - ეს არის ბადრი ჯაფარიძის ბოლო სიტყვები დაპატიმრებამდე. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ამბობს, რომ ვერანაირი საპატიმრო და სადამსჯელო ღონისძიებები ვერ შეცვლის მათ მტკიცე გადაწყვეტილებას, ქვეყნის თავისუფლებისთვის ბოლომდე იბრძოლონ.

ჯაფარიძე მხარდამჭერებს მოუწოდებს, არ ჩამოყარონ ხელები და "ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლაში მეტად ერთიანები და მობილიზებულები იყვნენ.  

ვერ გაგვტეხავენ! ეს უმსგავსობა, რასაც ახლა აკეთებს ბიძინა ივანიშვილი, დამთავრდება მისი ხელისუფლების ქართველი ხალხის მიერ გასტუმრებით და ამიტომ ეს არის გამიზნული იმისთვის, რომ ხელები ჩამოვყაროთ, ადამიანებს უიმედობა გაუჩნდეთ და ყველას მინდა, ვუთხრა: პირიქით, ამან უნდა მოგვცეს დამატებითი ძალა, რომ ჩვენ ვერ გაგვტეხავენ, ვერანაირი საპატიმრო, ვერანაირი უმსგავსო გადაწყვეტილება, ვერანაირი სადამსჯელო ღონისძიებები ჩვენ ვერ შეგვაცვლევინებს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ ვიბძოლოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ამიტომ, ყველას უნდა ესმოდეს: უიმედობის დრო არ არის, პირიქით, გაერთიანების დროა, დარაზმვის დროა და პირიქით, დროა, ყველა აღივსოს იმედით, რომ ამ ქვეყანას აუცილებლად ექნება ბრწყინვალე მომავალი და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს აუცილებლად!,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

„ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ თეა წულუკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ზვიად შარაძემ ოპოზიციონერს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

ანალოგიური განაჩენი გამოუტანა სასამართლომ "ძლიერი საქართველოს"კიდევ ერთ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს.

დღესვე 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ზურა ჯაფარიძესაც.

ფოტო: IPN.GE

მსგავსი სიახლეები