"ოცნება" ელჩის წინააღმდეგ - ივანიშვილის ხელისუფლება ჰერჩინსკის ქვეყნიდან გასაძევებლად ნიადაგს ამზადებს?
"ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის ელჩის ქვეყნიდან გასაძევებლად ნიადაგის მომზადება დაიწყო. პაველ ჰერჩინსკის პირველი ცეცხლი დილას "ხალხის ძალამ" გაუხსნა და დიპლომატის საქართველოდან გაგდების აუცილებლობაზე დისკუსია დაიწყო. გაირკვა, რომ ერთადერთი, რაც ახლა ივანიშვილის პარტიას აფერხებს იმის შიშია, რომ ევროპის პოლიტიკური გაერთიანება ქვეყანაში ჰერჩინსკიზე ხისტ დიპლომატს გამოგზავნის.
"ქართული ოცნების" დანაყოფის აგორებული კამპანია მალევე წარმატებით აიტაცა ივანიშვილის პრემიერმაც. ირაკლი კობახიძე მისივე თანაგუნდელებს არ ჩამორჩა და ელჩ ჰერჩინსკის ტრაგიკული პიროვნება უწოდა. დიპლომატის გაძევებაზე ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ, თუმცა ყველა სხვა პარტნიორი ქვეყნების ელჩების მსგავსად, ელჩი ჰერჩინსკიც მათი ყოველდღიური სამიზნეა.
კიდევ უფრო შორს წავიდა შალვა პაპუაშვილი. ივანიშვილის გუნდის წარმომადგენელმა, რომელიც "ოცნებაში", ფაქტობრივად, პარტნიორებზე თავდასხმების სერიას ხელმძღვანელობს, დღეს ლანძღვის მიზეზად ჰერჩინსკის "ბათუმელებისთვის" მიცემული ინტერვიუ დაასახელა და ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ოფიციალურ წარმომადგენელს ამაზრზენი უწოდა.
"ქართულმა ოცნებამ" ელჩზე იერიშის მისატანად დღევანდელი დღე, სავარაუდოდ, გამიზნულად შეარჩია. მაშინ, როდესაც ბრიუსელში საქართველოს მომავალი წყდება და ევროკავშირის პირველი დიპლომატები ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების ბედზე მსჯელობენ, ივანიშვილის პარტიამ 27-ვე სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრს თბილისიდან უთხრა, რომ უკან დახევას არ აპირებენ და დიპლომატებზე თავდასხმების სერიას კიდევ გააგრძელებენ.
დეტალები ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.