კალასი: მზად ვართ, საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ დამატებითი შემზღუდველი ზომები განვიხილოთ

23.06.25 19:24
კალასი: მზად ვართ, საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ დამატებითი შემზღუდველი ზომები განვიხილოთ

მზად ვართ, საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ დამატებითი შემზღუდველი ზომები განვიხილოთ, - ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა გააკეთა. 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კალასმა თქვა, რომ მინისტრებმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების თაობაზე ამჟამად შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საკითხს ივლისში დაუბრუნდებიან. 

"ჩვენი განზრახვა ქართველი ხალხის დასჯა არ არის. ჩვენი მიზანია დავსაჯოთ კონკრეტული ადამიანები, ვინც ადამიანის უფლებებს არღვევს" - აღნიშნა კაია კალასმა. 

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში მზარდ რეპრესიებზე, მათ შორის თავდასხმებზე ოპოზიციის ლიდერებსა და მედიაზე. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ დამატებით მკაცრი ზომები პასუხისმგებელ პირებზე. ჩვენ ვისაუბრეთ სანქციებზე იმ პირების წინააღმდეგ, ვინც ახორციელებს ძალადობას. თუ გადავხედავთ დემონსტრანტების სასჯელს, არც კი ვიცი რა დავარქვა, ეს პროპორციული არაა, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო სისტემა ამ რეპრესიული მანქანის ნაწილია.

ამიტომ იყო საუბარი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებაზე, რომლებიც ამას ახორციელებენ. ამ საკითხს ასე თუ ისე დავუბრუნდებით ივლისშიც. ჩვენ ამჟამად შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ იქნებ მომავალში რაღაც მოძრაობები გვქონდეს. საუბარი მიდის იმაზე, ვსჯით თუ არა საქართველოს, ჩვენი განზრახვა ქართველი ხალხის დასჯა არ არის. ჩვენი მიზანია დავსაჯოთ კონკრეტული ადამიანები, ვინც ადამიანის უფლებებს არღვევს". - განაცხადა კაია კალასმა. 

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დასრულდა. დახურულ კარს მიღმა მინისტრებმა 4 ძირითად საკითხზე იმსჯელეს: კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, უკრაინის ომი და ირანში განვითარებული მოვლენები. დღის წესრიგში ჩასმული იყო საქართველოს საკითხიც.  

მსგავსი სიახლეები