კალასი: იყო განხილვა სანქციების დაწესების შესახებ მოსამართლეებისთვის, რომლებიც რეპრესიულ ღონისძიებებს ახორციელებენ, საკითხს ივლისში დავუბრუნდებით
ჩვენი მიზანია ის კონკრეტული ადამიანები დავსაჯოთ, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებებს არღვევენ, - ასე უპასუხა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებასთან დაკავშირებით "ევროსკოპის" რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის მიერ დასმულ შეკითხვას.
კაია კალასის თქმით, "სასამართლო სისტემა რეპრესიული მანქანის ნაწილია", შესაბამიად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დახურულ კარს მიღმა განიხილეს სანქციების დაწესების საკითხი იმ მოსამართლეებისთვის, რომლებიც სხვადასხვა "ღონისძიებებს ახორციელებენ".
ჩვენ ვისაუბრეთ სანქციებზე იმ პირების წინააღმდეგ, ვინც ახორციელებს ძალადობას. თუ გადავხედავთ დემონსტრანტების სასჯელს, არც კი ვიცი რა დავარქვა, ეს პროპორციული არაა, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო სისტემა ამ რეპრესიული მანქანის ნაწილია. ამიტომ იყო საუბარი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებაზე, რომლებიც ამას ახორციელებენ. ამ საკითხს ასე თუ ისე დავუბრუნდებით ივლისშიც. ჩვენ ამჟამად შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ იქნებ მომავალში რაღაც მოძრაობები გვქონდეს. საუბარი მიდის იმაზე, ვსჯით თუ არა საქართველოს, ჩვენი განზრახვა ქართველი ხალხის დასჯა არ არის. ჩვენი მიზანია დავსაჯოთ კონკრეტული ადამიანები, ვინც ადამიანის უფლებებს არღვევს". - განაცხადა კაია კალასმა.
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დასრულდა. დახურულ კარს მიღმა მინისტრებმა 4 ძირითად საკითხზე იმსჯელეს: კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, უკრაინის ომი და ირანში განვითარებული მოვლენები. დღის წესრიგში ჩასმული იყო საქართველოს საკითხიც.