"ქართული ოცნება" მედიისთვის სასამართლოს სხდომების გაშუქების შეზღუდვას გეგმავს - ცნობილია ახალი კანონპროექტი
"ქართული ოცნება" მედიისთვის სასამართლოს სხდომების გაშუქების შეზღუდვას გეგმავს - ახალი კანონპროექტით, რომელსაც სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, მედიას სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღების უფლება ეზღუდება.
ცვლილებების თანახმად, სასამართლო პროცესების გადაღების საშუალება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს ენიჭება. სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა კი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი.
კანონპროექტის თანახმად, სასამართლოს ასევე ენიჭება უფლება სასამართლოს შენობაში შესულ პირს პირადი ნივთები, მათ შორის, მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ფოტო-, კინო-, ვიდეო- ან/და აუდიოსაშუალებები ჩამოართვას.
"ქართული ოცნების" კანონპროექტი შემდეგ პუნქტებს ითვალისწინებს:
- სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი.
- სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არეწინააღმდეგება კანონს.
- სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა დაიშება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით.
კანონპროექტის ინიციატორები "ქართული ოცნების" შემდეგი წევრები არიან: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.