ივანიშვილის მიზანი პოლიტიკური პროცესის ლიკვიდაცია და პოლიტიკოსების გაქრობაა - გეგელია
ბიძინა ივანიშვილის მიზანი პოლიტიკური პროცესის სრული ლიკვიდაცია და პოლიტიკოსების გაქრობაა, - ასე ეხმაურება "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის დაპატიმრებას.
როგორც გრიგოლ გეგელია ფიქრობს, იმისათვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციური ველის გაუქმება ვერ შეძლოს, ქართველმა ხალხმა "რუსულ ავტოკრატიას" "მეტი ბრძოლა" უნდა დაუპირისპიროს.
ბიძინა ივანიშვილის მიზანი არის პოლიტიკური პროცესის სრული ლიკვიდაცია. ბიძინა ივანიშვილის მიზანია, რომ პოლიტიკური პროცესი გააჩეროს, გააჩეროს პარტიები, გააქროს პოლიტიკოსები, გააჩუმოს არა მხოლოდ პოლიტიკოსები და პარტიები, არამედ ყველა განსხვავებული აზრი. Facebook-ზე სიტყვების კონტროლს ეწევა ეს რეჟიმი. ასეთი რამ ჩვენს სახელმწიფოს არ უნახავს არცერთ მომენტში, ყველაზე რთულ, ყველაზე სამარცხვინო მომენტებშიც კი. არავის უნახავს სიტყვის, თავისუფლების წინააღმდეგ გალაშქრება. ჩვენ შეხება გვაქვს რუსულ ავტოკრატიასთან, რომელიც უკვე ყველაფერს აკეთებს, რათა სრულყოფილ დიქტატურად გადაიქცეს". - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს, 23 ივნისს დააკავეს - სასამართლომ ოპოზიციის ლიდერებს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ამასთან, დღესვე 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ზურა ჯაფარიძესაც.