"ქართული ოცნების" მიზანია, ყველა პოლიტიკური ოპონენტი გზიდან ჩამოიშოროს - კოპალეიშვილი
"ქართული ოცნების" მიზანია, ყველა პოლიტიკური ოპონენტი გზიდან ჩამოიშოროს, - ასე ეხმაურება კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, მაია კოპალეიშვილი მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს.
მაია კოპალეიშვილი ფიქრობს, წულუკიანის კომისიის შექმნის რეალური მიზანიც სწორედ ის იყო, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდს "პროდასავლური პოლიტიკური პარტიების ლიდერები გისოსებს მიღმა გამოეკეტა".
ეს ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისია არის არალეგიტიმური, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ ჩამოყალიბებული. მისი შექმნის მიზანი სწორედ პროდასავლური პოლიტიკური პარტიების ლიდერების გისოსებს მიღმა გამოკეტვა. თავიდანვე ეს იყო მიზანი. ეს გამოჩნდა იქიდანაც, როდესაც კომისიამ გამოუცხადებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსი გამოიყენა და წულუკიანმა პირდაპირ პროკურატურას მიმართა მაშინ, როდესაც პირველ ჯერზე გამოუცხადებლობა იყო. მაშინ არანაირი საჭიროება არ არსებობდა, რომ ეგრევე სისხლის სამართლის ნორმა გამოეყენებინა... როდესაც საუბარია "ქართული ოცნების" რუსულ რეჟიმზე, დიქტატურაზე, რომელიც ფაქტობრივად გაფორმა, როდესაც პოლიტიკური ლიდერები გისოსებს მიღმა არიან, ეს უკვე მიანიშნებს იმას, რომ "ქართული ოცნების" მიზანია, ყველა პოლიტიკური ოპონენტი ჩამოიშოროს გზიდან" - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს, 23 ივნისს დააკავეს - სასამართლომ ოპოზიციის ლიდერებს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ამასთან, დღესვე 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ზურა ჯაფარიძესაც.