"თვითდაჭერა განახორციელეს" - "ოცნება" პოლიტიკოსების დაპატიმრებაზე
"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებასთან კავშირში არ არიან და ციხეში წასვლა თავად ოპოზიციონერების არჩევანი იყო.
პარალელურად, ლადო ბოჟაძე ოპონენტებს "ოცნების" არაღიარების გამო აკრიტიკებს და ირწმუნება, რომ პარლამენტის ლეგიტიმაციის შემთხვევაში, მათ საპატიმროში წასვლა არ მოუწევდათ.
მათ ჰქონდათ არჩევანი და საშუალება, რომ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით 26 ოქტომბერს 61 ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც აირჩია ხალხმა, ყოფილიყო პარლამენტში, პარლამენტში ყოფილიყო დებატები, მათ შორის, შეიძლება, დაპირისპირება, კამათი და ა.შ. თუ მათ მოუწევდათ კომისიაზე მოსვლა, დაესწრებოდნენ ჩვეულებრივად სხვა სტატუსით, - ამბობს ლადო ბოჟაძე.
თენგიზ შარმანაშვილი კი ამტკიცებს, რომ "ოცნებას" არავინ დაუჭერია და პოლიტიკოსებმა კანონი თავად დაარღვიეს. "თვითდაჭერა" განახორციელეს, - ამბობს - "ოცნების" წევრი.
ვინც კანონს არ აღიარებს, ისინი მოხვდებიან (ციხეში). ჩვენ ხომ არ დაგვიჭერია, არმოსვლა ხომ არ ჩაგვიდია ჯიბეში? რომ იციან ხოლმე, „რაღაც ჩაგვიდესო“. მათ იცოდნენ წინასწარ რას აკეთებდნენ, თვითონ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ხელისუფლებას არ მიუღია. თუ 6 ოლიტიკური ლიდერი გადაწყვეტს, რომ თვითდაჭერა განახორციელოს, ჩვენ ვერაფერს ვიზამთ, - ამბობს თენგიზ შარმანაშვილი.
"ოცნების" კიდევ ერთი წევრი გიორგი ჩაკვეტაძე კი ამბობს, რომ არიან ისეთი იდერებიც, რომლებიც კომისიაზე არავის დაუბარებია და თავისუფლებაზე არიან.
გრიგოლ გეგელია, მაგალითად, თავისუფალია, არ იყო გამოცხადებული, კომისიას არ დაუძახია და ასე რომ, დაველოდოთ. ზოგადად, პოლიტიკოსს აქვს არჩევანი ყოველთვის, რომ ან დაიცვას კანონი, ან დაარღვიოს და ამ ხალხმა დაარღვია კანონი, - გიორგი ჩაკვეტაძე.
შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გუშინ სასამართლომ 7 თვიანი პატიმრობა შეუფარდა კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს ზურა ჯაფარიძეს. 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძესაც. დღეს ამავე ბრალდებით განაჩენს ელოდება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.