მოსამართლეების ხელფასი იზრდება - ვის რამდენით გაეზრდება ანაზღაურება
მოსამართლეების ანაზღაურება იზრდება - „ქართული ოცნების“ ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, საქალაქო, რაიონული, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების თვიური ანაზღაურება ორჯერ და მეტად იზრდება.
თუ აქამადე მათი მინიმალური ხელფასი 4000 ლარი იყო, ცვლილებების მიხედვით, თითოეული მოსამართლის ხელფასი 10 000 ლარზე მეტი იქნება.
ხელფასები ეზრდებათ, მათ შორის, აშშ-ის, ბრიტანეთის, ლიეტუვისა და ესტონეთის მიერ სხვადასხვა დროს სანქცირებულ მოსამართლეებს, მათ შორის ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძესა და ირაკლი შენგელიას.
ვის რა ხელფასი ენიშნება
- თუკი ამჟამად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის ხელფასი 7 000 ლარია, ცვლილებებით, მისი ანაზღაურება 14 600 ლარამდე იზრდება.
- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე (გიორგი მიქაუტაძე) - 6 500 ლარის ნაცვლად 13 432 ლარი;
- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე (ლევან თევზაძე) - 6 300 ლარის ნაცვლად 13 140 ლარი;
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები (ყველა მოსამართლე, რომლებსაც არ უკავიათ ზემოთ აღნიშნული ადმინისტრაციული თანამდებობა) – 6 000 ლარის ნაცვლად 12 410 ლარი;
- სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე (მიხეილ ჩინჩალაძე) - 5 800 ლარის ნაცვლად 12 264 ლარი;
- სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე (ირაკლი შენგელია) – 5 600 ლარის ნაცვლად 12 118 ლარი;
- სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე (სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატები და საგამოძიებო კოლეგია) – 5 300 ლარის ნაცვლად 11 972 ლარი;
- სააპელაციო სასამართლოს ყველა სხვა მოსამართლე – 5 000 ლარის ნაცვლად 11 826 ლარი;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე (ვასილ მშვენიერაძე) - 4600 ლარის ნაცვლად 11 972 ლარი;
- სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეები – 4 600 ლარის ნაცვლად 11 388 ლარი;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარეები - 4 300 ლარის ნაცვლად 11 388 ლარი;
- რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარეები – 4 300 ლარის ნაცვლად 10 950 ლარი;
- რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, მაგისტრატი მოსამართლე – 4 000 ლარის ნაცვლად 10 512 ლარი.
"ოცნების" კანონპროექტის მიხედვით, ასევე იცვლება მივლინების წესებიც - მაგალითად, აქამადე ხელისუფლებას შეეძლო მივლინებით გაეგზავნა მოსამართლე ნებისმიერ კუთხეში დაახლოებით 3 წლის განმავლობაში. ახლა კი შეუძლიათ, მოსამართლე საკუთარი სურვილის გარეშე სხვა საქალაქო თუ რაიონულ სასამართლოში მიავლინონ და 5 წლით გაამწესონ.