სოფო ჯაფარიძე: ივანიშვილს გონება აქვს დაკარგული, ყველაფერზე ხელს აწერს

24.06.25 12:45
სოფო ჯაფარიძე: ივანიშვილს გონება აქვს დაკარგული, ყველაფერზე ხელს აწერს

 

 

"ივანიშვილს გონება აქვს დაკარგული, ყველაფერს აკეთებს, ყველაფერზე ხელს აწერს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს," - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოფო ჯაფარიძემ "სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში განაცხადა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები გიორგი ვაშაძის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. 

სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ივანიშვილის მიზანი ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის არარსებობაა.

რასაკვირველია ბრძოლა იქნება ბოლომდე, ბრძოლა იქნება საქართველოს და ქართველი ხალხის გამარჯვებამდე.

დღეს, პოლიტიკური ლიდერები ისჯებიან პატრიოტიზმისთვის, ისჯებიან გამბედაობისთვის და ისჯებიან იმისთვის, რომ იმ ცირკში არ გამოცხადდნენ, რასაც თეა წულუკიანის გაუგებარი კომისია ჰქვია.

ჩემი სოლიდარობა ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ზურა ჯაფარიძეს, ირაკლი ოქრუაშვილს, დღეს ალბათ მათ რიგებს გიორგი ვაშაძე შეუერთდება, სულ რამდენიმე დღეში ალბათ გივი თარგამაძეც.

წარმოუდგენელია რაც ხდება, ივანიშვილს გონება აქვს დაკარგული, ყველაფერს აკეთებს, ყველაფერზე ხელს აწერს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და რაც უფრო მეტად მოჭიმავს ამ უსამართლობის ზამბარას, მით უფრო მძიმედ დაასრულებს. ივანიშვილის მიზანი არის, რომ ქვეყანაში არ არსებობდეს თავისუფალი სიტყვა, ქვეყანაში დატყვევებული იყოს თავისუფალი სიტყვა და ამისათვის ისჯება ყველა.

თავისუფლება თითოეულ პოლიტპატიმარს და აუცილებლად ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვანთ გარდაუვალ გამარჯვებამდე,“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ. 

ცნობისთვის, დღეს, თბილისის საქაალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გიორგი ვაშაძე თეა წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო 7 თვით ციხეში გაუშვა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 23 ივნისს, სასამართლომ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.

მსგავსი სიახლეები