საკადრო ცვლილებები კობახიძის მთავრობაში - "ოცნებაში" პირველი კომენტარები კეთდება
რა მისია ვერ შეასრულა ლევან დავითაშვილმა? - ამ შეკითხვით "პირველებმა" "ოცნების" წევრებს მას შემდეგ მიმართა, რაც ცნობილი გახდა, რომ დავითაშვილმა ვიცე-პრემიერის პოსტი დატოვა. ივანიშვილის გუნდში ამტკიცებენ, რომ ეს ბუნებრვი როტაციაა და ფაქტს კავშირი არ აქვს აშშ-თან ურთიერთობის გაწყვეტასთან.
როტაცია აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ეს ნორმალური მოვლენაა. ირაკლი კობახიძე რომ მოვიდა, თქვენ ნახეთ, რომ იმავე წუთში არ დაუწყია მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შეტანა. შეისწავლა შექმნილი ვითარება, თავისი ხედვები ჩამოიყალიბა და საკადრო გადაწყვეტილებებიც მიიღო შესაბამისი. ადამიანი, რომელიც მინისტრის მოადგილედ მუშაობს, ის, კომპეტენციის თვალსაზრისითაც და მათთვის ცოდნის თვალსაზრისითაც უკვე იყოს მზად, ნებისმიერ შემთხვევაში, შეასრულოს მინისტრის მოვალეობაც. ასე რომ, აქ არაფერი გასაკვირი არ არის. მას დიდი გამოცდილება დაუგროვდა.
თქვენ როგორ გგონიათ, რომ ის აშშ-შ წავიდა თვითნებურად, ტურისტი იყო? რა თქმა უნდა, ის წავიდა მთავრობის შესაბამისი დავალებით და მთავრობის შესაბამისი თანხმობით. მაშინ უნდა გადავაყენოთ ის, ვინც ამის თანხმობა მისცა და შესაბამისი დავალებით გააგზავნა. რავიცი, პრემიერ-მინისტრი გადადგა? ხომ არ გაგიგიათ? მე ჯერ არ გამიგია, - ამბობს შარმანაშვილი.
როგორც აღმოჩნდა, "ოცნების" წევრების ნაწილს ლევან დავითაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია საერთოდ არ აქვთ.
საიდან მოიტანეთ?, - ამბობს რიმა ბერიძე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
ირკვევა, რომ ლევან დავითაშვილი ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ ლევან დავითაშვილი მინისტრთა კაბინეტში ერთადერთი იყო, ვისაც აშშ-თან კავშირი ჰქონდა. სწორედ მას ჰქონდა ვიზიტი ამერიკაში, სადაცს ახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს შეხვდა. მაშინ პოლიტიკურ წრეებში საუბრობდნენ, რომ დავითაშვილი შტატებში იმ მიზნით მიავლინეს, რომ დაერწმუნებინა პარტნიორები, ივანიშვილისთვის სანქციები მოეხსნათ. ამის მიუხედავად, პროცესი არ შეცვლილა, პირიქით, "ოცნების" მიერ ამერიკელებთან ურთიერთობის დალაგება ვერ მოახერხდა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ლევან დავითაშვილი სკანდალში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავების შემდეგ მოექცა.
რამდენიმე დღის წინ, "პირველების" კითხვაზე, გამოიკითხა თუ არა აღნიშნულ საქმეზე ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, კობახიძე ამბობდა: "ლევან დავითაშვილის კეთილსინდისიერებაშიც არავის ეპარება ეჭვი".
რაც შეეხება მიქაუტაძის საქმეს - პროკურატურის ბრალის მიხედვით, "ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსანი სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
- საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.