"ოცნება" აღიარებს, რა ორი მოტივით ხურავს სასამართლო სხდომებს ჟურნალისტებისთვის
"ოცნება" აღიარებს, რა ორი მოტივით ხურავს სასამართლო სხდომებს ჟურნალისტებისთვის - კახა კალაძეს დღეს არ დაუმალავს, რომ ამის მიზეზი ჟურნალისტების მიერ გაშუქებული პროცესებია.
მეტიც, კალაძემ ჟურნალისტეთან კომენტარის გაკეთებისას, მედიის მიერ სასამართლო პროცესების გაშუქება "ცირკადაც" კი მოიხსენია.
ქვეყანას სჭირდება, რომ სასაცილო არ გახდეს ის, რასაც თქვენ აკეთებთ, ჩვეულებრივ ცირკად აქციეთ ყველა სხდომა და წარმოუდგენელია, რასაც კადრულობთ და რასაც აკეთებთ, შესაბამისად, იქნება გადაწყვეტილება ისე როგორც, აშშ-ში და ევროპულ ქვეყნებშია", - განაცხადა კახა კალაძე.
"ოცნების" დანაყოფმა პარტიამ კი დღეს არ დამალა, რომ ჟურნალისტებთან ერთად, მათ უკმაყოფილებას სასამართლო პროცესებზე დასასაწრებად მისული ელჩებიც იწვევენ.
ნახეთ, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში სასამართლო პროცესებზე არსებული, პირდაპირი გაგებით პროვოკაციები და ფიზკური დაპირისპირებები. არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ეს არ არსებობს და თუ არსებობს, ის არის დასჯადი. რაც შეეხება იმას, რომ უცხოურ აგენტურას იქ ოფისები ჰქონდა, მათ შორის საელჩოებს, სასამართლოში და მოსამართლეებს იბარებდნენ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე უკაცრავად, მაგრამ ეს ასე არ ექნება", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
"ოცნება" მედიისთვის სასამართლო კარს კეტავს - ახალი კანონპროექტით, რომელსაც სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, მედიას სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღების უფლება ეზღუდება.
ცვლილებების თანახმად, სასამართლო პროცესების გადაღების საშუალება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს ენიჭება. სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა კი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი.
კანონპროექტის თანახმად, სასამართლოს ასევე ენიჭება უფლება სასამართლოს შენობაში შესულ პირს პირადი ნივთები, მათ შორის, მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ფოტო-, კინო-, ვიდეო- ან/და აუდიოსაშუალებები ჩამოართვას.