გახარია თავად გადაწყვეტს, ჩამოვა თუ არა საქართველოში - ექსპრემიერის გუნდი
პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია გერმანიაში იმყოფება - ინფორმაცია "ტვ პირველს" ექსპრემიერის თანაგუნდელმა, ზაზა თავაძემ დაუდასტურა.
გახარიას გუნდის წევრი ამბობს იმასაც, რომ შესაძლოა, მთავრობის ყოფილი მეთაური ევროპიდან ამერიკაში გაემგზავროს.
"დღის ამბების" კითხვაზე, ჩამოვა თუ არა პარტიის ლიდერი ქვეყანაში, თავაძე აღნიშნავს, რომ გიორგი გახარია ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებს.
გიორგი გახარია ინდივიდია და ის გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით - რა და როგორ გადადგას ნაბიჯები. ამავდროულად, მას აქვს მეორე პასუხისმგებლობა, რომელიც განისაზღვრება იმით, რომ ის არის ჩვენი პოლიტიკური ძალის ლიდერი. შესაბამისად, ის გუნდთან გადის კონულტაციებს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით გიორგი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას.
2 ივლისს არის ამ ე.წ. კომისიაზე დაბარებული და შესაბამისად, თუ ამ კომისიას კიდევ ერთხელ არ შეეშინდება გახარიას სიმართლის, ის მზად არის, ჩაერთოს ონლაინ და შეკითხვებს გასცეს პასუხი და ამხილოს ისინი"- დასძინა მან.
დღეს "ქართული ოცნების" მიერ არჩეულმა გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გიორგი გახარია ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოიკითხება.
მისი თქმით, აუცილებლად გამოიკითხება ყველა ის ადამიანი, ვისაც ამ საქმესთან რაიმე სახის შეხება ჰქონია.
რაც შეეხება კითხვას, შესაძლოა თუ არა რომ გიორგი გახარია პასუხისგებაში მიეცეს, გენპროკურორი პასუხობს: „დაველოდოთ მოვლენებს. ჯერ ვერაფერს ვიტყვით მაგასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჯერ არ დამდგარა ის დღე, როდესაც უნდა გამოცხადდეს ბატონი გიორგი გახარია".