ოხანაშვილი ლილუაშვილის დაკითხვაზე დაბარებას არ გამორიცხავს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ანრი ოხანაშვილი, მისი წინამორბედის, გრიგოლ ლილუაშვილის გამოკითხვაზე დაბარებას არ გამორიცხავს.
- მანამდე ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიური ანგარიშის წარდგენის დროს "ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნის რომეო მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ სუს მუშაობს, რათა "ნათელი მოეფინოს" როგორ აღმოჩნდა აღნიშნული ტიპის დანაშაული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლს მიღმა.
მედიასთან გამოსულმა ოხანაშვილმა კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა კიდევ ერთხელ თქვა, რომ კითხვები ამ მიმართულებით არსებობს.
- "პირველების" კორესპოდენტის ცნობით, სავარაუდოდ სუს-ის უფროსმა 2 556 192 ლარის უკანონო, დაუსაბუთებელი ლეგალიზაციის საქმეზე დახურულ სხდომაზე უფრო მეტი ისაუბრა.
გამოძიება გრძელდება, მე სახელებზე და გვარებზე რომ ვისაუბრო ეს არასწორია, არ ვსაუბრობ კონკრეტულ პირებზე. სახელმწიფო უსაფრთხოების ვალდებულებაა, გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ. სახელებით და გვარებით საუბარი, ამ შემთხევავში არ არის სპეც სამსახურების ფუნქცია და დანიშნულება. კონკრეტული ფაქტების შესწავლის პროცესში რა გამოიკვეთება მე ამას წინასწარ ვერ გეტყვით.
აქედან გამომდინარე, რა რატომ მოხდა - ეს არის გამოძიების შესწავლის საგანი. მე მეტ შეფასებას ვერ გავაკეთებ. გამოძიების ფარგლებში რაც საჭირო იქნება ყველაფერი განხორციელდება.
მე ვთქვი ის, რომ ყველაფერი არის გასარკვევი ყოველმხრივ ობიექტურად და ამას გიდასტურებთ ახლაც. ნებისმიერი საკითხი, რაც დადგება გამოძიების წინაშე, იქნება განხორციელებული," - განაცხადა ოხანაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა წინა კვირას შეეფარდა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
მიქაუტაძე სუს-მა 21 ივნისს დააკავა, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის – 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია მოახდინა.
რომეო მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას 2022 წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე იკავებდა.