თეა წულუკიანის შესახებ გამოქვეყნებული პოსტის გამო ლევან ხაბეიშვილი 4000 ლარით დააჯარიმეს
"ერთობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 4 000 ლარით დააჯარიმა.
პოლიტიკოსს "ქართული ოცნების" წევრებმა, თეა წულუკიანმა და ნინო წილოსანმა უჩივლეს.
ხაბეიშვილის ასვე ჩამოერთვა 3 წლით იარაღის ტარების უფლება.
ირკვევა, რომ წულუკიანის გაღიზიანება ლევან ხაბეიშვილის FB პოსტს მოჰყვა, სადაც პოლიტიკოსი ე.წ. საგამოძიებო კომისიას, რომელსაც იუსტიციის ყოფილი მინისტრი ხელმძღვანელობს, "ღალატის კომისიას" უწოდებს.
"დამიძახონ და წულუკიანს სიამოვნებით ამოვგლეჯ გესლიან ენას - ღალატის კომისია"- დაწერა facebook-ის პირად გვერდზე ლევან ხაბეიშვილმა მიმდინარე წლის 14 აპრილს.
წილოსანი კი მისთვის „ნაძირალას" დაძახებას აპროტესტებდა.