ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრება ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას - შვედეთის საგარეო მინისტრი
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია მალმერ სტენენგარდი "დემოკრატიაზე ძირის გამოთხრად" აფასებს.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პლატფორმა X-ზე წერს, რომ "ქართული ოცნება" ასევე აძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ "რეპრესიებს".
ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრება და სასჯელები ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას. საქართველოს ხელისუფლება ასევე აძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებს.
შვედეთი გააგრძელებს თავისუფალი, დემოკრატიული და პლურალისტური ქართული საზოგადოების მხარდაჭერას", - წერს ის.
შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს ზურა ჯაფარიძეს. ამავე ბრალდებით 8-8 თვიანი პატიმრობა შეეფარდათ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვით პატიმრობა მიუსაჯეს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს.